ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკაც მობილიზებულია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა სრულად არის მობილიზებული და ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული.
კერძოდ, 15 ერთეული სატუმბი, 2 ლაფეტი, 10 ერთეული მძიმე და მსუბუქი ტექნიკა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ტექნიკა, რომელიც საირიგაციო სამუშაობის განსახორციელებლად გამოიყენება, დღეს ხანძრის ადგილზეა მობილიზებული.
„აღნიშნული ტექნიკა ხანძრის კერებში დამატებით წყლის რესურსის მიწოდების საშუალებას იძლევა. ხანძრის ლოკალიზებას ართულებს ქარიანი ამინდი და რელიეფი. ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენთვის უმთავრესია, მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ტყის მასივების გადარჩენა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სტიქიის ადგილზე იმყოფება.