გიორგი მღებრიშვილი: აალება ძლიერი არ არის, საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს
“თურქული ვერტმფრენები რამდენიმე საათში იქნებიან ბათუმში, შემდეგ უკვე შემოუერთდებიან ადგილზე ჩვენს ავიაციას და მათთან ერთად გავაგრძელებთ ხანძრის ლოკალიზებას”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის ადგილზე საგანგაშო ვითარება არ არის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელია მობილიზებული, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩაერთო.
“რა ინფორმაციასაც მაწვდიან შემთხვევის ადგილზე მყოფი ჩვენი თანამშრომლები, აალება ძლიერი არ არის. ადგილ-ადგილ შესაძლოა, იყოს, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. რაც მთავარია, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს. დღეს დილიდან მობილიზებული გვყავს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, რომელიც ჩაერთო ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში. ასევე მუშაობს სპეცტექნიკა. 3 კილომეტრი გზა გაიჭრა ტყეში, რათა სახანძრო მანქანები მიდგომოდნენ ხანძრის კერებს. მთელი ძალებით ვუტევთ ხანძარს”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საფრთხეებს, როგორც შს მინისტრმა განმარტა, ამ ეტაპზე შეიძლება საფრთხე იყოს, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ბუნებაზე და კლიმატურ პირობებზე.