ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან, ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ბერაიასთან, გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, ცაიშის, ცაცხვის, ოქტომბრის, დიდინეძისა და ჭითაწყარის მოსახლეობას შეხვდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ლაშა გოგიამ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. ცაცხვში საუბარი შეეხო ახალი გზის მშენებლობასა და სრულ გაზიფიცირებას, რომელიც აღნიშნულ სოფელში უკვე დაიწყო.
ლაშა გოგიამ ცაცხველებს სოფლის კეთილმოწყობის მასშტაბური გეგმა გააცნო. როგორც გამგებელმა აღნიშნა: ,,ცაცხვი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კარიბჭეა და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა უმნიშვნელოვანესია. ჩვენ შევიმუშავეთ სოფლების კეთილმოწყობის 4- წლიანი გეგმა და ამ გეგმის მიხედვით პირველი სოფელი არის ცაცხვი, რომლის კეთილმოწყობასაც ვგეგმავთ“.
პროექტი ცაცხვის ცენტრისა და არსებული პარკის კეთილმოწყობას გულისხმობს. რეაბილიტირდება არსებული კლუბი და სპორტული დარბაზი, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები და რეკრეაციული ზონა. რეაბილიტირდება სპორტული მოედანი. გეგმაშია ღია ამფითეატრისა და ღია მუზეუმის მოწყობა, სადაც ცაიშის (ცაცხვის) სამაროვანში აღმოჩენილი უძველესი კოლხური ქანდაკებების ასლები განთავსდება. ცაცხვის კეთილმოწყობაზე პროექტირების ტენდერი დასრულებულია. ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ე.გ კურორტის მონაკვეთზე საავტომობილო გზა რეაბილიტირდება. გზის რეაბილიტაციაზე 204 400 ლარი დაიხარჯება.
გზა რეაბილიტირდება ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბრის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით რისთვისაც 221 000 ლარი დაიხარჯება. 2,6 მილიონი ლარი დაიხარჯება დიდინეძი-კახათის საავტმობილო გზის რეაბილიტაციაზე.
შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად საკითხად თხილისა და სიმინდის პრობლემა დაასახელა. ლაშა გოგიას განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად დამატებით კიდევ 5 მანქანა გამოიყო, რაც პრობლემასთან ბრძოლის პროცესს დააჩქარებს. ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები