ლაგოდეხში პროფესიული კოლეჯი 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება
2017 სასწავლო წლიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი” ფილიალი გაიხსნება. სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჯამბურიამ დაათვალიერა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი კოლეჯის „აისის“ წარმომადგენლების თქმით, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზე და, სასწავლო კორპუსის განახლების გარდა, სტუდენტების საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი. პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. სხვადასხვა პროგრამის ხანგრძლივობა 8 თვიდან იწყება და 3 წლამდე გრძელდება.