დავით უსუფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლომ იმ კანონზე იმსჯელა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გიგი უგულავას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვინმეს ბრალეულობაზე არ უმსჯელია.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს და შემდგომ სათანადო გადაწყვეტილებას დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ.
„საკონსტიტუციო სასამართლომ იმ კანონზე იმსჯელა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა მიიღო. ამ კანონების გარკვეულ მოხლებზე ითქვა, რომ ის არ არის კონსტიტუციური. ამ კანონების შეცვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში არანაირი ინიციატივა არ შემოსულა არც წინა მოწვევაში და არც ახლა. მოპასუხე სასამართლოში პარლამენტი იყო და ვინაიდან, დღემდე არსებული პარლამენტების სამართალმემკვიდრე ვართ, მოქმედ კანონმდებლობაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ. საკონსტიტუციო სასამართლო კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს და შემდგომ სათანადო გადაწყვეტილებას დანარჩენი სახელმწიფო სტრუქტურები იღებენ. პარლამენტში ამ თემაზე მუშაობა მოგვიწევს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვნახავთ. ჩემი მცდელობის მიუხედავად, მთავარ მოპასუხეს – საქართველოს პარლამენტს, ჯერ კიდევ არა აქვს სრული გადაწყვეტილება სასამართლოსი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტს ჰპირდებიან, რომ გადაწყვეტილება თავისი სამოტივაციო ნაწილით და დასაბუთებით, დღეს საღამოს იქნება წარდგენილი.
ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანას ისეთი მოსამართლეები უნდა, რომლებიც ყველას და ყველაფერს უსმენენ, მაგრამ საკუთარი გონებისა და სინდისის კარნახით მოქმედებენ და არავის და არაფერს არ ემორჩილებიან.
„მინდა მოსამართლეებს ვისურვო, რომ მსგავსი ამბები არ განმეორდება და მოსამართლეები ამის საბაბს არ მოგვცემენ. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციით შექმნლი იმიტომ გვყავს, რომ საქართველოს პარლამენტს მეთვალყურეობა გაუწიოს, რათა კონსტიტუციის შესაძლო დამრღვევები ჩვენ ვართ. კონსტიტუციურად შექმნილია ის სისტემა, როდესაც პარლამენტი შეიძლებოდა არასწორი გამოჩნდეს. ამიტომ ამასთან დაკავშირებით მტკივნეული განცდა არ უნდა გვქონდეს. ეს ჩვეულებრივი ნორმალური პროცესია, როგორიც არის სხვა შემთხვევები, მაგრამ ამ თანამდევ მოვლენებს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ გაწყეტილებებს სათანადო ნდობა და ავტორიტეტი ჰქონდეს. ამოსაბაში რა მოხდა? ის მუხლი გაუქმდა, რომელმაც გარკვეულ შემთხვევებში, წინასწარი პატიმრობის შესაძლო ვადა შეამცირა, რაც თავისთავად დემოკრატიული ნაბიჯია. ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რომელზეც დიდი ხანია ეს ქვეყანა მუშაობს. მათ შორის, ჩვენი პარლამენტი. წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინოვაციები შემოვიღეთ, როდესაც სტანდარტი ავწიეთ. დღეს განცხადებები მესმის, რომ ამის გამო სახეზეა პროკურატურის კოლაფსი. უკაცრავად, მეგობრებო, პროკურატურა მოქმედებდა და მოქმედებს მოქმედი კანონის შესაბამისად“, – დასძინა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები