სოზარ სუბარი: განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა თეა წულუკიანს, მისი გამოცდილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, დასაბუთებული დასკვნა, თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და წყარო

,,ძალიან დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის მდივანმა, სოზარ სუბარმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, თეა წულუკიანის მრავალწლიანმა და მრავალპროფილურმა პროფესიულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ დასკვნა ყოფილიყო მაღალპროფესიული და დასაბუთებული.

“რომ არ ყოფილიყო თეა წულუკიანის მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში, მისი უშუალო შემხება თითოეულ ამ საქმესთან, როცა ის უსმენდა ყველა მხარეს – დაზარალებულებსაც, სახელმწიფოს პოზიციასაც, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში პოზიცია არც კი ერქვა. რომ არ ყოფილიყო მისი გამოცდილება იუსტიციის მინისტრის პოსტზე, როდესაც კიდევ ერთხელ ჰქონდა ამ საქმეებთან შეხება და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისი და მისი გუნდის თავდაუზოგავი შრომა, რომ საქართველოს გაემარჯვა საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის ომთან დაკავშირებულ დავებში. სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, გახდა საქართველოს გამარჯვების ერთადერთი გარანტი. ერთადერთს იმიტომ ვამბობ, რომ ეს ის მტკიცებულებებია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გამქრალი იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, ან რაც გამქრალი არ იყო, მიმოფანტული იყო ისე, რომ არ იყო შეკრებილი და ამას დასჭირდა ტიტანური შრომა. მსგავსი შრომა რომ ჩაეტარებინა წინა ხელისუფლებას, მაშინ, ტალიავინის დასკვნაც სხვანაირი იქნებოდა და ტალიავინის დასკვნა რომ ყოფილიყო განსხვავებული, განსხვავებული იქნებოდა გარკვეული ფორმულირებებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელზეც ჩვენ მოვალე ვიყავით, რომ აგვესახა ჩვენს დასკვნაში იმ ფორმით, რა ფორმითაც იქ იყო. განსხვავებულად რომ ემუშავა მაშინდელ ხელისუფლებას, მაშინ, საქართველო არ წააგებდა იმ ერთადერთ საერთაშორისო სასამართლოს, რომელიც ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს წავაგეთ ომთან დაკავშირებით – ეს არის გაეროს მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც უბრალოდ წავაგეთ იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი. ის გამოცდილება, რაც ქალბატონ თეას აქვს, თავის მრავალპროფილიან პროფესიულ გამოცდილებაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დასკვნა ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის და დასკვნაზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, დასაბუთებული და თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და უამრავი წყარო. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა ამ ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც გაიარა ის უმძიმესი პერიოდი და თითოეული მათგანისთვის აქ მოსვლა და კიდევ ერთხელ გახსენება იმ ტკივილის, წამების, სისასტიკის იყო წარმოუდგენლად მძიმე, მაგრამ მათ აჯობეს საკუთარ თავს და მოვიდნენ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სიმართლე. მგონია, რომ ეს დასკვნა თავის საქმეს გააკეთებს საქართველოს უახლესი ისტორიის შეფასებაში.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები