სურსათის ეროვნული სააგენტო უფლისციხეში ცხვრების დაცემაზე განცხადებას ავრცელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო უფლისციხეში ცხვრების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ, წინასწარი ვარაუდით, ცხვრების დაცემა ცხოველების შენახვისა და მოვლის პირობების დაუცველობამ, ასევე, ხანგრძლივმა ტრანსპორტირებამ და შიმშილმა გამოიწვია.
„სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. კლინიკური ნიშნებით, ასევე პათანატომიური გაკვეთის შედეგებით ჯანმრთელ და დაცემულ ცხოველებში ინფექციური დაავადების ნიშნები არ აღინიშნება. ამასთანავე, პათოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში გადაიგზავნა. კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, წინასწარი ვარაუდით, ცხვრების დაცემა ცხოველების შენახვისა და მოვლის პირობების დაუცველობამ, ასევე, ხანგრძლივმა ტრანსპორტირებამ და შიმშილმა გამოიწვია”, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადგილობრივების ინფორმაციით კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ბოლო კვირის განმავლობაში ათასამდე სული ცხვარი დაეცა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, “ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის” წარმომადგენლის თეო ტლაშაძის ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილება ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობამ გამოიწვია, რადგანაც არ ხდება როგორც ცოცხალი, ასევე დაცემული ცხვრის შემოწმება. თეო ტლაშაძის ინფორმაციიით, დაავადებული ცხვარი იორდანიიდან შემოიყვანეს. მანამდე ცხვრის იმპორტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხდა, თუმცა ცხვარი იორდანიის სახელმწიფოში არ შეუშვეს, რის შემდეგაც ის უკან საქართველოში ჩამოიყვანეს.
გორის მუნიციპალიტეტის დეპუტატის ინფორმაციიით, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს გაირკვეს თუ რა გახდა მიზეზი, ცხვრის დახოცვის, წინაააღმდეგ შემთხვევაში ისინი გზის გადაკეტვით იმუქრებიან. მოსახლეობის მოთხოვნაა ასევე, გაირკვეს, თუ რატომ მოხდა დაავადებული ცხვრის სოფელ უფლისციხეში შეყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები