მოქალაქეებს სესხის პროცენტი გაუძვირდებათ
ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები” განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლარში აღებული, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი 7 494 ადამიანს გაუძვირდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5%-ით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი დღეიდან 5%-ს შეადგენს.
„მიმდინარე წლის 30 აპრილის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5147 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2 347 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 7 494 ადამიანს გაუძვირდება. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა, 481-ით არის გაზრდილი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის საბაზრო განაკვეთებისთვის, ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს. ვინაიდან ბოლო თვეებია, სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები, შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საკითხი დადგა. შედეგად ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და ფასების საერთო დონე შემცირდება. საბოლოოდ მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება მოხდება, რაც ლარის გაცვლით კურსს დროებით დაასტაბილურებს, თუმცა, მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა, ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება“,- ნათქვამია განცხადებაში.