ილია მეორე: ქართველი ადამიანი ცოტა უცნაურია

ქართველი ადამიანი ცოტა უცნაურია, რადგან სხვაგან არსად უთქვამთ სიტყვები – „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა წმინდა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, ამ სიტყვებში ჩანს ქართული სული და გონება.
„ქართველი ადამიანები ცოტა უცნაურები ვართ. დავით აღმაშენებელი, ეს დიდებული მეფე, ამბობს, – გულზე დამადგით ფეხი ყოველმანო. ასეთი რამ არცერთ მეფეს კი არა, რიგით ადამიანს არ უთქვამს. მეორე მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობს: ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილსო. ესეც არ უთქვამთ. ამბობენ: წამებას გაუძელითო, მაგრამ შენ რომ ეძიებდე სიკვდილს ქრისტესთვისო, არა. არაჩვეულებრივი გამოთქმაა. ამაში ჩანს ქართული სული, ქართული გონება და ქართული სულიერება“, – ბრძანა ილია მეორემ. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი საქართველოს სიმბოლო და მფარველია.
„მუდამ იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს. ეს დღე არის უდიდესი დღესასწაული. ჩვენს წინაშეა ორი პიროვნება, წმინდა გიორგი და მისი მწამებელი იმპერატორი დიოკლეტიანე. დიოკლეტიანე გიორგის თავის მემკვიდრედ თვლიდა, მაგრამ ის სიყვარული სიძულვილში გადაუვიდა, როდესაც გიორგიმ ქრისტე იწამა. დიოკლეტიანეს სწამდა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ წარმარტები გადაარჩენდნენ“, – ბრძანა უწმინდესმა. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ 6 მაისს და 23 ნოემბერს აღნიშნავს. 6 მაისი წმინდანის აღსრულების დღეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები