დენის სალუქვაძე ჩხავერის რთველის მიმდინარეობას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში გაეცნო

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ჩხავერის რთველის მიმდინარეობას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში გაეცნო. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი დაესწრო დათო შავლიძის ვენახში მიმდინარე სამუშაოებს. ფერმერმა ჩხავერის ჯიშის ვაზი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 2000 კვ.მ. ფართობზე გააშენა, მიმდინარე წელს ფერმერმა აღნიშნული ნაკვეთიდან დაახლოებით 2 ტონამდე მოსავალი მიიღო.

,,ჩხავერის რთველი ტრადიციულად დიდი ზეიმია განსაკუთრებით ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ძირითადად ყურძნის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს. მოხარული ვარ, რომ შავლიძეების ოჯახთან ერთად რთველში მივიღე მონაწილეობა. მათ მიერ წარმოებული ყურძენი ადგილობრივ მარნებში გადამუშავდება და დიდი მოწონებითაც სარგებლობს.” – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ.

აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში – 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰექტარი ფართობი.

მინისტრთან ერთად ჩხავერის რთველში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და სამინისტროს ექსტენციონისტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები