ლევან ზალკალიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით ბახტაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალური სახლების მშენებლობაზე, რომლის მიზანია მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. პროგრამის შედეგად, 7 ოჯახი უკვე ახალ სახლში ცხოვრობს. პროექტის საერთო ღირებულება 492 062 ლარს შეადგენს და სრულად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

“ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლებული ადმინისტრაციული შენობა, სადაც რეაბილიტაციის შედეგად განახლდა ადმინისტრაციული სივრცე, ბიბლიოთეკა და კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობისთვის განკუთვნილი დარბაზი. პროექტის ბიუჯეტი 229 049 ლარია და სრულად დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.

ლევან ზალკალიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს უწყობს როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ისე საჯარო და კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც რეგიონული გაძლიერების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ახალი სოციალური საცხოვრებლები და განახლებული საჯარო სივრცეები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. ჩვენთვის პრიორიტეტულია პროექტები, რომლებიც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ემსახურება,” – განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

სამტრედიაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ინტენსიურად გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები