ბორჯომში 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 16-დღიანი კამპანია ოფიციალურად დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 16-დღიანი კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მერაბ კოსტავას სახელობის მოედანზე ფლეშმობი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა თანამედროვე და სპორტული ცეკვების ჯგუფმა “სილუეტმა” მიიღო. შემდეგ კი, სიმბოლურად ნარინჯისფერი ჰელიუმის ბუშტები „გაუშვეს“ და შეტყობინება გაუგზავნეს მსოფლიოს: „არა ძალადობას“.
“ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე, მერის მოადგილე ბიბო პაპიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გენადი მუმლაძე, საბჭოს წევრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ „ნარინჯისფერი კვირეულის“ ფარგლებში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს არაერთი ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 187 ქვეყანაში, 1991 წლიდან ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გენდერული ძალადობის ბრძოლის დღეები აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად,”- წერია ინფორმაციაში.