გიორგი სვანიძე: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების განვითარების მიმართულებებს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძე. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები, პრიორიტეტული მიმართულებები და განსახორციელებელი პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებს, მუნიციპალური მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესებას და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. სოციალური პროგრამების შესახებ დეტალურად ისაუბრა მერიის სოციალური სამსახურის, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, ლელა კვირიკაშვილმა, ხოლო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დეპუტატებს გააცნო ინფრასტრუქტურის საპროექტო მონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, გიორგი მელიქიშვილმა.
ბიუჯეტის განხილვისას დეპუტატებმა დასვეს კითხვები, დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. მიღებული შენიშვნები და რეკომენდაციები მერიას გადაეცემა დამატებითი შესწავლისა და დასკვნის მომზადების მიზნით.
საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით, ბიუჯეტის საჯარო განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის აუცილებელი მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა ჩართულობას.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის ის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების განვითარების მიმართულებებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქის ხმა იყოს გათვალისწინებული,”- განაცხადა გიორგი სვანიძემ.
განხილვის შედეგების შესაბამისად, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო რედაქცია განახლებულ ფორმატში წარდგენილი იქნება საკრებულოში დამტკიცებისთვის. პირველადი მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 52 მილიონ, 652 ლარს შეადგენს.
ქვემოთ წარმოდგენილია ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები:
ინფრასტრუქტურა – 8 980 000
დასუფთავება და გარემოს დაცვა – 6 300 000
განათლება – 6 100 000
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა – 13 630 000
ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა – 6 466 700
მმართველობა – 11 047 300