ახალციხეში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ახალციხეში, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა და პრეზენტაცია გაიმართა.
ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა, და საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა კბილაშვილმა, აუდიტორიას გააცნეს მომავალი წლის გეგმები და სიახლეები. მათ დეტალურად წარმოადგინეს 2026 წელს დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები.
ვარლამ წიკლაურის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში შედის ისეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ქალაქ ახალციხესა და მთლიანად მუნიციპალიტეტის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.
„2026 წელს გათვალისწინებული თანხები სრულად მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე და სურვილებზე. ბიუჯეტის პროექტში შედის ისეთი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც ქალაქ ახალციხესა და მთლიანად მუნიციპალიტეტის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული”,- აღნიშნა მან.
ბიუჯეტის პროექტი და მისი პროგრამული პარამეტრები დამსწრე აუდიტორიას დეტალურად გააცნო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, გელა ლომიძემ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 40 500 000 ლარით განისაზღვრა. ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურის განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კეთილმოწყობა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოციალური, კულტურის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები.