დენის სალუქვაძე: ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ფესტივალის სტუმრებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ სიტყვით მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებს.

„ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. აქ წარმოდგენილია როგორც ღვინის კომპანიები, ისე მცირე მარნების წარმომადგენლები და მათ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ტურისტებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს თავიანთი წარმოების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია, გაყიდონ საკუთარი პროდუქტი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. ეს არის კარგი საკომუნიკაციო საშუალება საზოგადოებასთან იმისთვის, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ ვითარდება რეგიონში მეღვინეობის დარგი “, – განაცხადა დენის სალუქვაძემ.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი პროდუქცია 20-ზე მეტმა ადგილობრივი ქართული ღვინის მწარმოებლებმა, მცირე და საშუალო მარნების წარმომადგენლებმა წარუდგინეს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო.

ფესტივალის მიზანი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობაა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. ღვინის ფესტივალი სახალხო ზეიმის ,,შემოდგომა ქედაში” ფარგლებში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები