„რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა და ამიტომ მოკლეს“ – როინ შავაძის მეუღლე

“სტრასბურგში საქმე მოვიგეთ, რაც ჩემი ბრძოლისა და ადვოკატის შრომის შედეგია, არასდროს გავჩერებულვარ და სიკვდილის გარდა, ვერც ვერაფერი შემაჩერებს. რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა. რომას კარგად იცნობდნენ და იცოდნენ, არ გაჩერდებოდა, თვალს არ დახუჭავდა, ადგნენ და მოკლეს”, – ამის შესახებ 2008 წელს გარდაცვლილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, როინ შავაძის მეუღლე, ციცინო შავაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, როინ შავაძეს წამება და მოკვლა არ აკმარეს, მოკლულს ნარკოტიკი ჩაუდეს და ჯაშუშიც გამოიყვანეს.

“სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ ორი პირი აიყვანეს. როგორ ფიქრობთ, კუდ-ის თანამშრომლები საკუთარი ნებით გადაწყვეტდნენ როინი ქუჩაში აეყვანათ, ეწამებინათ და მოეკლათ? როინის საქმეზე 8 კაცია აყვანილი, 2 იმალება (პატარიძე და არაბული წლებია გაქცეულები არიან) და ახლა 2 დაემატა. ამბობენ, ვიღაცებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს და ამის საფუძველზე აიყვანეს ინაიშვილი და გვიანიძე. დაკავებულებმა უნდა თქვან, ვინ გასცა რომას წამების ბრძანება. სტრასბურგში საქმე მოვიგეთ, რაც ჩემი ბრძოლისა და ადვოკატის შრომის შედეგია, არასდროს გავჩერებულვარ და სიკვდილის გარდა, ვერც ვერაფერი შემაჩერებს. რომამ ომის დროს რაღაც ისეთი ნახა და გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა. რომას კარგად იცნობდნენ და იცოდნენ, არ გაჩერდებოდა, თვალს არ დახუჭავდა, ადგნენ და მოკლეს. კიდევ, მგონია, ის სხვების დასაშინებლად დასაჯეს – აი, ასეთ ვაჟკაცს, ომებში ნაომარს რა გავუკეთეთ, თქვენ ჭკუით იყავით, თორემ ამაზე უარესად მოგექცევითო. წამება და მოკვლა არ აკმარეს, რომას ჩირქიც მოსცხეს – მოკლულს ნარკოტიკი ჩაუდეს და ჯაშუშიც გამოიყვანეს. ყველა ჩართული იყო ამ საქმეში – დაწყებული პრეზიდენტით, მერაბიშვილ-ახალაიებით დამთავრებული. რომ არა ცენტრიდან ბრძანება, ასეთ სისაძაგლეს ვერ ჩაიდენდნენ. ამ საქმეში გიორგი ჩიქოვანის (მეტსახელად “მაიმუნა”, რომელიც თეიმურაზ პატარიძის მარჯვენა ხელი და განყოფილების უფროსი გამომძიებელი იყო, საქართველო 2012 წლის არჩევნებამდე დატოვა) სახელიც ფიგურირებდა, ისიც გაქცეულია. მეგობრები ამბობენ, რომ როინს აგვისტოს ომში ალყაში მოქცეული ხალხი გამოუყვანია, ორჯერ შებრუნებულა, პიკაპით ჯერ დაჭრილები, მეორედ კი მიცვალებულები გამოუყვანია. ომიდან დაბრუნებული ამბობდა, მიგვატოვეს, გაგვწირესო. მზვერავი იყო და როცა წინა ხაზზე იბრძოდა, მაშინ ბიჭებთან უთქვამს, ყველანი შევიკრიბებით და დავილაპარაკებთ, თეთრი და შავი გამოჩნდება, ვერაფერი გამაჩერებსო. გენერლებმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ხომ მიატოვეს ჯარი, ვინ რომელ მხარეს გაქცეულიყო, არ იცოდა. ჭორად ის ვერსიაც მუსირებდა, რომელიღაც თანამდებობის პირმა როინს შეაგინა, ამან პასუხი დაუბრუნა და ეს გახდა მიზეზიო… დავუშვათ, მოღალატე იყო, არ ერჩივნათ, ცოცხალი აეყვანათ და უფრო მეტ კვალზე გასულიყვნენ?! მისი აგენტობის ამბავი ისევ იმ ხალხმა დაიჯერა, ვისგანაც შეკვეთა იყო მოსული. ისიც თქვეს, ნარკოტიკები ჰქონდა ჯიბეშიო. ჩხრეკა რატომ არ ჩატარდა, იქნებ ნარკოტიკებით ვაჭრობდა, სახლი გაჩხრიკეს და რამე ნახეს? ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გაკვეთის დროს ადამიანი სუფთა იყო. 20-25 დღით ადრე როინს ამერიკელებმა მისცეს სიგელი მამაცობისთვის, მერე პენტაგონმა მოითხოვა, ჯაშუშობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გაეგზავნათ აქედან, მაგრამ რას გაუგზავნიდნენ?

როინს საქართველო უზომოდ უყვარდა, ოჯახის მოყვარული და მორწმუნე ქრისტიანი იყო. ის მკვდარიც ასი თავით სჯობია ჩემს გამამწარებლებს… ერთი დეტალი მინდა გავიხსენო: იმხანად ქუთაისში მსახურობდა. მთხოვა, ქუთაისში ჩავსულიყავი და მისთვის მიწა წამეღო. ძალიან ლამაზი ყვავილი ვიპოვე, მინდა ქოთანში ჩავრგო, არ მინდა გამიფუჭდეს და ჩვენი ეზოს მიწა წამომიღეო. მეც ჩავუტანე. თურმე ერაყში მიდიოდა და თან მიწა მიჰქონდა. ის მიწა წაიღო და უკან ჩამოიტანა. როინი ახლა 52 წლის იქნებოდა… ივლისი ორივეს დაბადების, ჩვენი ჯვრისწერისა და ქორწინების თვეა. მოდის ზაფხული და ჩემი ჯოჯოხეთი იწყება. ყოველ დღე ღმერთს იმას ვეხვეწები, ყველა დაისაჯოს – ვინც წამების და მოკვლის ბრძანება გასცა, ვინც დავალება შეასრულა, ვისაც რამის თქმა ან გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა. იმედია, ასეც იქნება”, – ამბობს ციცინო შავაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები