პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, ვეტერან „დინამოელებს“ ისტორიული გამარჯვების 45 წლის იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა 1981 წლის „თასების მფლობელთა თასზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვების ისტორიულ მნიშვნელობას და ვეტერან „დინამოელებს“ ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„13 მაისი განსაკუთრებული დღეა არა მარტო ქართული ფეხბურთისთვის და ქართული სპორტისთვის, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ საქართველო არ იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა რა ეროვნული სიამაყის განცდაც მოუტანა 13-მა მაისმა მაშინ ქართველებს, ალბათ ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას შეშურდებოდა და ეს სიამაყის განცდა დღემდე მოჰყვება თითოეულ ჩვენგანს. 45 წელი გავიდა 13 მაისის შემდეგ და როცა ვუყურებდით კადრებს, მატჩის მომენტებს, გოლებს, დღემდე არ ნელდება ეს ემოციები, რომელიც თავის დროზე რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მძაფრი იყო, მაგრამ აბსოლუტურად განსაკუთრებული ემოციებით გვავსებს ეს ყველაფერი. დღემდე ჩვენი სიამაყის საგანია ის ფინალი, ის დინამო, თბილისის დინამოს ოქროს თაობა და მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა დინამოს ოქროს თაობას, რომლებმაც შექმენით, დაწერეთ განსაკუთრებული ისტორია არა მარტო ფეხბურთისთვის, ქართული სპორტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გამარჯვება გახდა განსაკუთრებული შთაგონების წყარო სპორტსმენების არაერთი თაობისთვის, ფეხბურთელებისთვის და სპორტის სხვა სახეობებისთვის. სწორედ თქვენი მიღწევის დამსახურებაა ის, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება, აღწევს ახალ და ახალ გამარჯვებებსა და წარმატებებს. მე მინდა, ქართულ ფეხბურთს ვუსურვო ძალიან დიდი გამარჯვებები მომავალში და თითოეულ თქვენგანს, ოქროს თაობის დინამოელებს მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ განსაკუთრებული სიამაყის გრძნობისთვის, რომელიც გვაჩუქეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.