მედია: პროკურატურა ნიკოლა სარკოზისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს
პარიზის პროკურატურამ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისთვის 2007 წლის საარჩევნო კამპანიის ლიბიიდან დაფინანსების საქმეში პატიმრობის სასჯელის გაზრდა მოითხოვა, – ამის შესახებ გაზეთი „ფიგარო“ იუწყება.
„ბრალდების მხარემ კვლავ მოითხოვა ნიკოლა სარკოზისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ორი წლით მეტია იმ სასჯელთან შედარებით, რომელიც საბოლოოდ სასამართლომ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ლიბიიდან არალეგალურ დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოუტანა“, – განმარტა გაზეთმა სააგენტო „ფრანს პრესის“ მოტივით.
გამოცემა დასძენს, რომ პარიზის სააპელაციო სასამართლო ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე გადაწყვეტილებას 30 ნოემბერს გამოიტანს.
სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ონლაინ გამოცემა Mediapart-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიბიის მთავრობამ სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდასაჭერად 50 მილიონი ევრო გადარიცხა. 2018 წელს სარკოზის ბრალი წაუყენეს კორუფციაში, საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებასა და ლიბიის სახელმწიფო სახსრების მითვისების დამალვაში.
გასული წლის სექტემბერში სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ოქტომბრის ბოლოს პარიზის სანტეს ციხეში მოათავსეს, 10 ნოემბერს კი პარიზის სააპელაციო სასამართლომ ციხიდან გათავისუფლებისა და სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოთავსების შესახებ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.