Vatican News-ი შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს
კათოლიკური ეკლესიის ოფიციალური საინფორმაციო პორტალი Vatican News-ი უწმინდესი და უნეტარესის, შიო III-ის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
„ილია II-ის გარდაცვალებიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, 17 მარტს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია.
57 წლის ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, რომელიც თბილისში დაიბადა, წლების განმავლობაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის მოვალეობას ასრულებდა. მან მიიღო სახელი – შიო III და მასთან ერთად მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულები.
სინოდის სხდომა თბილისში, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით 1200-მა დელეგატმა მიიღო. ინტრონიზაციის ცერემონია სამშაბათს დილით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.
კარდინალ კოხის მილოცვა – „საქართველოს ეკლესიის უძველესი და ნათელი სულიერი მემკვიდრეობის კვალდაკვალ, რაც მრავალი წმინდანის მოწამეობითა და ერთგულებითაა დადასტურებული“, – ნათქვამია ქრისტიანთა ერთიანობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტის, კარდინალ კურტ კოხის მისალოც გზავნილში.
„დაე, თქვენმა მსახურებამ ხელი შეუწყოს გულითადი მეგობრობის განმტკიცებასა და ჩვენს ეკლესიებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო, ძმური დიალოგის წარმართვას“, – აღნიშნავს კარდინალი.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი მსახურება გააძლიერებს ქველმოქმედებისა და ერთობის იმ კავშირებს, რომლებიც სულიწმინდის მადლით აერთიანებს იესო ქრისტეს ყველა მორწმუნეს, მიუხედავად იმისა, რომ სრული ერთობა ჯერ კიდევ მისაღწევია. ეს ხელს შეუწყობს უფლის მცნების აღსრულებას: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.
კარდინალი კოხი, წმინდა საყდრის დელეგაციასთან ერთად, პირადად დაესწრო ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც თბილისში 22 მარტს გაიმართა და მას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I უძღვებოდა.
შიო, რომელიც სხვადასხვა დარგში მიღებულ განათლებასთან ერთად ჩელოს სპეციალობით სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდამთავრებულიცაა, ბერად1993 წელს აღიკვეცა.
არჩევამდე ცოტა ხნით ადრე გაკეთებულ განცხადებაში შიო III-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფლის შეწევნით: “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც მუდამ იყო ერის გამაერთიანებელი ძალა, ჭეშმარიტი სარწმუნოების, ქართული ენის, ტრადიციებისა და ისტორიული მეხსიერების დამცველი, კვლავაც ერთგულად განაგრძობს ამ გზას“.
18 მარტს, ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ, მოსაყდრე შიოსადმი გაგზავნილ წერილში პაპი ლეო XIV წერდა, რომ იგი შესთხოვს უფალს, მიჰმადლოს მას „ნათელი, გამჭრიახობა და ძალა, რათა წინამძღოლობდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას იმავე სამწყსო სიყვარულით, რომელიც განსვენებულ პატრიარქს შთააგონებდა“, – აღნიშნულია წმინდა საყდრის საინფორმაციო სააგენტოს სტატიაში.