იულია მენდელი: შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც ზელენსკის მიერ ნარკოტიკების მოხმარება დამიდასტურეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა, იულია მენდელმა, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სხვადასხვა პირებმა დაუდასტურეს ინფორმაცია პრეზიდენტის მიერ ნარკოტიკების შესაძლო მოხმარების შესახებ. ინფორმაციას Singjupost-ი ავრცელებს.
მენდელის თქმით, იგი პირადად შეხვდა ადამიანებს, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ ზელენსკი სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ ნახეს.
“არასდროს მინახავს, რომ ის [ზელენსკი] ნარკოტიკს მოიხმარს. როცა ჩემს წიგნზე ვმუშაობდი, ბევრ ადამიანს შევხვდი, რომლებმაც დამიდასტურეს, რომ მათ ის სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების მოხმარებისას უნახავთ. მხოლოდ ერთს უნახავს, რომ ის 2021 წელს ნარკოტიკს მოიხმარდა“, – განაცხადა მენდელმა.
მისივე თქმით, მუშაობის პროცესში პრეზიდენტი ხშირად გადიოდა საპირფარეშოში დაახლოებით 15 წუთით, საიდანაც იგი „შესამჩნევად შეცვლილი“ და „უფრო ენერგიული“ ბრუნდებოდა.
ზოგიერთი მედიის თანახმად, ზელენსკის წინააღმდეგ მიმართული ნარკოდამოკიდებულების შესახებ კამპანია პროკრემლეტური დეზინფორმაციის ნაწილია, რომელიც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული პერიოდულად აქტიურდება. 2019 წელს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულმა ოფიციალურმა სამედიცინო ტესტირებამ ზელენსკის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების არსებობა არ დაადასტურა.
თუმცა, ყოფილი პრესმდივნის თქმით, ნარკოტესტის ჩაბარება მოხდა კლინიკაში, სადაც ზელენსკის მეგობრები მუშაობდნენ. როცა შედეგი ცნობილი გახდა, გაირკვა, რომ ანალიზების ჩაბარების თარიღი არ ემთხვეოდა.