„ფერწერა… საიდუმლო იეროგლიფი“ – თემო ჯაფარიძის გამოფენა და კატალოგის წარდგენა გაიმართება

15 მაისს, 12:00 საათზე, „ბაია გალერეაში“თემო ჯაფარიძის გამოფენა „ფერწერა – საიდუმლო იეროგლიფი“ გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენასთან ერთად კატალოგის წარდგენაც იგეგმება. კურატორია ბაია წიქორიძე.
ნანა შერვაშიძე:
„თემო ჯაფარიძე (27 მარტი, 1937 – 23 სექტემბერი, 2012) – ქართველი მხატვარი და მწერალი, ქართული ნონკონფორმისტული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომლის შემოქმედება საბჭოთა იდეოლოგიურ სისტემაში პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური მხატვრული ენის ძიებას ეძღვნება. მისი ხელოვნება ჩამოყალიბდა 1950-1960-იანი წლების საბჭოთა კულტურაში მიმდინარე „დათბობის“ ფონზე, როდესაც სოციალისტური რეალიზმის ოფიციალურ დოგმას თანდათან დაუპირისპირდა არაოფიციალური, ნონკონფორმისტული ხელოვნება. ამ მოძრაობამ უარყო იდეოლოგიზებული ესთეტიკა და ორიენტირდა ევროპული მოდერნიზმის გამოცდილებაზე, ექსპერიმენტსა და სუბიექტურ გამოხატვაზე. ჯაფარიძის შემოქმედებაში ცენტრალურია ადამიანის შინაგანი სამყაროს, ეგზისტენციალური განცდებისა და თავისუფლების თემა, რაც მკვეთრად უპირისპირდება საბჭოთა ხელოვნების კოლექტიურ, პროპაგანდისტულ მოდელს.
თემო ჯაფარიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. მას სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1964 წელს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართულმა გამოფენამ თემო ჯაფარიძეს პირველი აღიარება მოუტანა. 1968 წელს მისი ნამუშევრების გამოფენა, საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ პირველ აბსტრაქტულ ექსპერიმენტად იქცა და მალევე დაიხურა, რაც ნათლად აჩვენებდა ნონკონფორმისტული ხელოვნების კონფლიქტს სისტემასთან.
1970-იან წლებში მხატვარი ქმნის ექსპერიმენტულ, ფაქტურულ და რელიეფურ ნამუშევრებს, მათ შორის, „საიდუმლო სერობას“ (1972), რომელიც მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია და აერთიანებს სიბრტყობრივ და მოცულობით ფორმებს. ამ პერიოდში იგი ქმნის ე.წ. „მუქ ფერწერას“, სადაც საბჭოთა რეალობის სულიერი დრამა, ადამიანის მარტოობა და ეგზისტენციალური განცდა მუქი კოლორიტითა და განზოგადებული ფორმებით გადმოიცემა.
1990-იან წლებში ჯაფარიძე აგრძელებს ექსპერიმენტებს მასალასა და ფორმასთან – იყენებს დაჭმუჭნილ ტილოს, რელიეფურ სტრუქტურებს, ქმნის სერიებს, როგორიცაა „მდგომარენი და წაქცეულები“, „ოდისევსის ახალი მოგზაურობა“. მხატვრის გვიანი პერიოდი გამოირჩევა სიმბოლური, ფილოსოფიური და ირონიული ხედვით ადამიანის ყოფიერებაზე.
თემო ჯაფარიძის ხელოვნება მთლიანობაში წარმოადგენს პიროვნული თავისუფლების, სულიერი ღირებულებებისა და ადამიანური ღირსების მხატვრულ მანიფესტს, რომელიც ქართული ნონკონფორმისტული ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს ხაზს ქმნის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები