ირაკლი მელაშვილი: ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს “ოცნების” გარეშეც დახოცავენ

“ოპოზიცია საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობა. ერთმანეთში ვერ დალაგდნენ, ყველამ ცალ-ცალკე პარტია შექმნა, მაგრამ ამით ამომრჩევლისთვის რამე იცვლება? ხმები, რასაც აქამდე იღებდნენ, იმისდა მიხედვით დაიყოფა, ვის მელია მოსწონს, ვის ხაბეიშვილი და ვის ზურა ჯაფარიძე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს “ოცნების” გარეშეც დახოცავენ.

“ივანიშვილის პოლიტიკაში მობრუნებას რომ ცვლილებები მოჰყვებოდა, ყველასთვის ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანი ის იყო, რა ცვლილებები იქნებოდა.საქმე ის არის, რომ აქამდე “ოცნება” ძალიან უცნაურ მდგომარეობაში იყო – პარტიას ჰქონდა საპარლამენტო უმრავლესობა, მაგრამ არ იყო მთავრობის დამკომპლექტებელი, მხარს უჭერდა მთავრობას, მაგრამ საკადრო საკითხებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პრინციპში, ვერ წყვეტდა. არ ვიცი, ღარიბაშვილი “ქართუსთან” ან პირადად ივანიშვილთან შეთანხმებით ნიშნავდა თუ არა, მაგრამ კარგად ჩანდა, რომ კადრები ისე ინიშნებოდა, პარტია, ფაქტობრივად, არ მონაწილეობდა. ამიტომაც იყო უცნაური ვითარება – მთავრობა ღარიბაშვილის კადრებით იყო დაკომპლექტებული, პარტიას და საპარლამენტო უმრავლესობას კობახიძე აკონტროლებდა. ახლა კი უცნაური გადანაცვლება გააკეთეს – იქ, სადაც ღარიბაშვილის კადრები იყო, კობახიძე დასვეს, ხოლო სადაც კობახიძის – ღარიბაშვილი. შეეცდება თუ არა ორივე საკუთარი კადრების გადაყვანასა და თავისი პოზიციის გამყარებას, ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცით, მისცემს თუ არა ამის საშუალებას ივანიშვილი.

იყო ლაპარაკი, რომ კობახიძე აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკუთარი კადრების გადაყვანას აპირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა – ანუ მას არ მისცეს საშუალება, ფესვები გაედგა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ისე, როგორც პარტიაში… ჩემი აზრით, ივანიშვილმა უფრო კობახიძის პოზიციები დაასუსტა. ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე მისი კადრია და მორჩილია, რასაც ვერ ვიტყვი კობახიძეზე. ის პოლიტიკურად საკმაოდ მოძლიერდა პარლამენტსა და პარტიაშიც და ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, კობახიძე 6-თვიან პრემიერად გაუშვეს. რა იქნება არჩევნების შემდეგ, კაცმა არ იცის. პრემიერის კანდიდატურის დასახელება ერთპიროვნულად მხოლოდ ივანიშვილზეა და ეს პარტიის წესდებაში ფორმალურადაც ჩაიწერა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, ივანიშვილის გარეშე პრემიერი არ დასახელდებოდა…

ხოლო ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ სასურველი რეალობად ეჩვენებათ. “ქართული ოცნება” მინიმუმ 40-45%-ს აიღებს. ამაზე ნაკლები არც არასდროს აუღია. ალბათ, 20-25%-ს აიღებს “ნაცმოძრაობა” და ჯამში ეს ორი ძალა წაიღებს 70%-მდე. დანარჩენები, “დროა-გირჩი”, ხვიჩიას “გირჩი”, მელია-გვარამიას პარტია, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, გახარია, ნათელაშვილი, “მოქალაქეები”, ანა დოლიძის პარტია და ამას დავუმატოთ ის ფლანგი, რომელიც 3-4%-ს ყოველთვის იღებს, “პატრიოტთა ალიანსი” თუ “ალტ-ინფო”, “ხალხის ძალა” და ვიღებთ მოცემულობას, რომ 20-25%-ზე პრეტენზიას აცხადებს ათი პარტია და საშუალოდ 2.5% გამოდის თითოეულ მათგანზე. ახლა შევხედოთ მათ განცხადებებს – მათი უმეტესობა ამბობს იმას, რასაც “ნაცმოძრაობა”, ანუ მიშა პოლიტპატიმარია, თავისუფლება მიშას, რუსი ივანიშვილი, “ოცნებას” ევროინტეგრაცია არ უნდა. ეს არის ის, რაც ოპოზიციის ფლანგზე ყველას აერთიანებს. საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობენ. არც ერთი მათგანი არ მუშაობს იმაზე, რომ ხმები წაართვას “ოცნებას”. ყველა მათგანი, ასე ვთქვათ, ბალახობს მხოლოდ “ნაცმოძრაობის” ელექტორატზე თავისი ლოზუნგებიდან გამომდინარე.

ერთმანეთში ვერ დალაგდნენ, ყველამ ცალ-ცალკე პარტია შექმნა, მაგრამ ამით ამომრჩევლისთვის რამე იცვლება? ხმები, რასაც აქამდე იღებდნენ, იმისდა მიხედვით დაიყოფა, ვის მელია მოსწონს, ვის ხაბეიშვილი და ვის ზურა ჯაფარიძე. ისეთ ვითარებაში, როდესაც 10 პარტია იბრძვის 20-25%-ის გასაყოფად, დიდია ალბათობა, ბარიერი ერთმა გადალახოს და დანარჩენი ხმები დაიკარგოს. წინა არჩევნებიც, ახლანდელი გამოკითხვებიც გვიჩვენებს, რომ საშუალოდ 1-3%-ს იღებენ, ძირითადად, 2.5%-ს. 9 პარტიამ 2.5% რომ აიღოს, სადღაც 23%-მდეა, გამოდის, ერთი პარტიის მიერ ხმების დაგროვებაც კი სათუოა ბარიერის გადასალახავად. ამიტომ ასეთი დაქსაქსვის პირობებში “ოცნებას” ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ გაიმარჯვოს. მე არ მჯერა, რომ ამ პარტიების ელექტორატი მატულობს. უფრო მეტად­ იშლებიან, ტელევიზიებში ერთმანეთს ეჩხუბებიან, არადა, ყველას ერთი და იგივე ლექსიკა და მესიჯები აქვს და “ჩემი უფროსი შენსას სჯობიაზე” ჩხუბობენ. ვერ ვხედავ, რომ ოპოზიციის ელექტორატი იზრდება და “ოცნების” იკლებს, მით უმეტეს, ივანიშვილის მოსვლა მაკოორდინირებელი იქნება “ოცნების” მხარდამჭერებისთვის. აქამდე ვიღაცას კობახიძე არ მოსწონდა, ვიღაცას ღარიბაშვილი, მაგრამ ახლა სწორება ივანიშვილზე იქნება.

აინშტაინის ალბათობის თეორია გავიხსენოთ – რაღაც რაოდენობაში ალბათობით ერთხელ მაინც უნდა გაარტყა და ოპოზიცია ამ ალბათობითაც ვერ არტყამს სწორ მესიჯს. მთელი ამ წლების განმავლობაში ამბობდნენ, ეკონომიკური კრიზისიაო და ამ დროს ყველა მონაცემი გვიჩვენებს, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა გვაქვს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ევროპაში; კორუფციამ წაგვლეკაო და, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კრიტიკული ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ცენტრალური ოფისის შეფასებით, ყველაზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს რეგიონში; აცხადებენ, ქვეყანაში დიქტატურააო და, არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი ამას არ ადასტურებს; თვეების განმავლობაში იძახეს, ევროკავშირის სტატუსს არ მოგვცემენო და, მოგვცეს. ხომ შეიძლება ერთი რამე მაინც გაარტყა, რომ მეორე წუთში არ აღმოჩნდეს, შენ ერთს ამბობ და მთელი მსოფლიო მეორეს, რომ ადამიანებმა დაგიჯერონ? არანაირი პოზიტიური მესიჯი არავისგან არ მოდის, თუ რას გააკეთებენ და რას შეცვლიან. “ლელო” ამბობს, რომ ყოველ წელს მშპ 9%-ით გაიზრდება და პენსიას ათას ლარამდე გაზრდიან ადმინისტრაციული რესურსის შემცირების ხარჯზე და ამისთვის 2 მილიარდი იქნება საჭიროო. 2026 წელს საჯარო სექტორში 300 ათასი დასაქმებული იქნება 2.5 მილიარდი სახელფასო ფონდით. ამას დაამატე სხვა ხარჯებიდან რაღაც თანხა, ჩავთვალოთ 3 მილიარდი, და 2 მილიარდით როგორ ამცირებ სახელფასო ფონდს? 70%-ს გარეთ ყრი თუ ხელფასებს უმცირებ 70%-ით? არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. მგონი, ოპოზიციის ლიდერებიდან გვარამია ერთადერთია, რომელიც ხვდება ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებების შექმნის აუცილებლობას და ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ, მგონი, ჯერ არაფერი გამოსდის..

რაც არ უნდა არასერიოზულად გვეჩვენოს “ოცნების” განცხადება, შესაძლოა მართლა შეუქმნას ოპოზიციამ “ოცნებას” შანსი, რომ 40-45%-იანი მხარდაჭერის პირობებში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა…. როდესაც ვთქვი, რომ ერთი პარტია თუ გადალახავს ბარიერს-მეთქი, უპირველესად გახარიას ვგულისხმობდი და ამიტომაც მოდის “ოცნების” მთავარი დარტყმა გახარიაზე, რომელიც დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც “ოცნებას” ართმევს ხმებს, დანარჩენები ერთმანეთს ართმევენ. ოპოზიციიდან ერთადერთი გვარამია მიხვდა, რომ სხვა ხმებზეა სამუშაო, მას განათლებაც აქვს და პოლიტიკური გამოცდილებაც, მაგრამ არ ვიცი, ეს როგორ გამოუვა, თუნდაც მისი პოლიტიკური წარსულის გამო. წესით, “ლელოს” უნდა ემუშავა არანაცურ ელექტორატზე, მაგრამ ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ “ნაცებისგან” ვერ განასხვავებ. ამით თავად შეიზღუდეს სივრცე. დანარჩენები კი ძალიან სუსტები არიან და ამიტომაც რჩება ერთადერთი გახარია, საომარი “ოცნებას” მხოლოდ მასთან აქვს. დანარჩენი პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში ერთმანეთს “ოცნების” გარეშეც დახოცავენ. თუ “ოცნებამ” მოახერხა და გახარიამ ვერ გადალახა ბარიერი, მაშინ “ოცნებას” ნამდვილად ექნება ხმების 2/3”, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები