თენგიზ ფხალაძე: პოლიტიკური ძალების იმ კონფიგურაციაში, რაც დასავლურ ბლოკში დღეს არის, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთსულოვანი აზრია

“ვფიქრობ, ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური ძალების იმ კონფიგურაციაში, რაც დასავლურ ბლოკში დღეს არის, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთსულოვანი აზრია”,- ამის შესახებ ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ პუტინი უკვე საუბრობს უკრაინელების კონტრშეტევის წარმატება-მარცხზე და არა საკუთარ წარმატებაზე, ნიშნავს, რომ ომის შინაარსი შეიცვალა.

“დავოსის ფორუმმა აჩვენა, რომ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა ნამდვილად არ შესუსტებულა, სამხედრო მხარდაჭერაში თითქოს იყო პრობლემები, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზები. საქმე ის არის, რომ მსოფლიო, მისი ეკონომიკა ამ ტიპის ომისათვის არ იყო მზად, შესაბამისად, სამხედრო მრეწველობაც გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდა. საკითხი შარშან ძალიან მკაფიოდ დადგა დღის წესრიგში, იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიდნენ, შეიარაღების პრობლემები ჰქონდათ, თუმცა დაიწყო სამხედრო მრეწველობის გაზრდა და ვფიქრობ, 2024-ში ეს საკითხი მნიშვნელოვნად გამოსწორდება, გამომდინარე იქიდან, რომ ზომები უკვე მიიღეს. მნიშვნელოვანია დასავლურ ქვეყნებში შიდაპოლიტიკური ვითარებაც. მოგეხსენებათ, წლევანდელი წელიწადი “გლობალური” არჩევნების წელია. მაგალითად, აშშ-ის კონგრესში უკრაინის საკითხის გაჭიანურება უკავშირდება არა თავად უკრაინას, არამედ იმას, რომ რესპუბლიკელები ცდილობდნენ უკრაინისა და ისრაელის თემები მიგრაციის საკითხებთან ერთიან პაკეტში განხილულიყო. რადგან ამაზე ვერ შეთანხმდნენ, თემა ჩავარდა, თუმცა ამ კვირაში კიდევ მიუბრუნდებიან ამ საკითხის განხილვას და იმედია, მოინახება ისეთი გამოსავალი, რაც არ დააზარალებს უკრაინის დახმარებას.

ვფიქრობ, ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური ძალების იმ კონფიგურაციაში, რაც დასავლურ ბლოკში დღეს არის, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთსულოვანი აზრია. ფაქტი, რომ პუტინი უკვე საუბრობს უკრაინელების კონტრშეტევის წარმატება-მარცხზე და არა საკუთარ წარმატებაზე, ნიშნავს, რომ შეიცვალა ომის შინაარსი. მანამდე კრემლი იმას ამტკიცებდა, თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა რუსეთი. ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც არც ერთ მხარეს არ შეუძლია აქტიურ შეტევაზე გადასვლა. რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რაც ამ მოცემულობას შეცვლის, მათ შორის ეს შეიძლება იყოს წვრთნების დროულად დამთავრება და უკრაინისთვის F16-ებისა და ახალი ტიპის შეიარაღების გადაცემა. თავისთავად ცხადია, ცაში უპირატესობის მოპოვება ხმელეთზეც განაპირობებს წარმატებას… მეორეა საკითხი, რომელსაც არც უკრაინა მალავს, არც აშშ და არც სხვა ქვეყნები – ეს არის ეფექტიანი ბრძოლა კორუფციასთან. სამწუხაროდ, უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ ხმარდება იმ მიზნებს, რასაც უნდა ხმარდებოდეს”, – განაცხადა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები