კორნელი კაკაჩია: ივანიშვილი, ალბათ, უფრო ხშირად გამოჩნდება საზოგადოების წინაშე

“ოპოზიციისთვის ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ზოგისთვის გამოწვევაა, ზოგისთვის – ახალი შესაძლებლობები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაალაგებს საკუთარ სტრატეგიას, ვინ შეაფასებს ვითარებას ობიექტურად, ვინ გამოიტანს წარსულიდან სწორ დასკვნებს და ვინ როგორ გათვლის სამოქმედო გეგმას. წინ ნამდვილად საინტერესო პროცესი გველის”, – ამის შესახებ “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა იმისთვის უნდა იმუშაონ, რომ პოლიტიკურ კლუბებს არ ჰგავდნენ.

“ივანიშვილი, ალბათ, უფრო ხშირად გამოჩნდება­ საზოგადოების წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ბევრი განცხადება გააკეთა, მაინც ბუნდოვანია მისი პოლიტიკაში დაბრუნების რეალური მიზეზი. ერთი სავარაუდო ფაქტორი შეძლება 2024 წლის არჩევნები იყოს. მართალია, სხვადასხვა კვლევით “ქართულ ოცნებას” სხვა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, მაგრამ ეს მაინც არ არის გამარჯვების გარანტია და მმართველი გუნდისთვის მაინც მნიშვნელოვანია ივანიშვილის პირადი გავლენა და რეიტინგი… ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ივანიშვილის განცხადება, რომ “ქართულ ოცნებაში” კორუფციის რისკებია, რაც ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების აზრს ელიტური კორუფციის შესახებ. ფაქტია, რომ ივანიშვილმა დაინახა, ერთი პარტიის ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნამ ქვეყანა სერიოზული რისკებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა… მე არ ვამბობ, რომ “ქართული ოცნება” ბარიერს ვერ გადალახავს, რა თქმა უნდა, გადალახავს და ხელისუფლებასაც შეინარჩუნებს, მაგრამ ქვეყნის ერთპიროვნულად მართვის შესაძლებლობა აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ ბოლო არჩევნებში “ოცნებას” ყოველთვის უჭირდა პირველი ტურის მოგება და უმთავრესად მეორე ტურში ახერხებდა ფინანსების, ასევე ადმინისტრაციული და სხვა რესურსის მობილიზებას.

ძნელი სათქმელია, ვინ შეიძლება იყვნენ ახალი ლიდერები. ალბათ, გახსოვთ, ადრე როგორი პრემიერი და მინისტრები გვყავდა – არსაიდან მოსულები, სტაჟიორებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე პრემიერებსა და მინისტრებს. ალბათ, ახლაც ასე იქნება… სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იძლევა იმის განცდას, რომ მოახერხებს “ქართული ოცნების” დაბალანსებას, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში, მით უმეტეს, “ქართული ოცნება” მზად არ არის ხელისუფლების ოპოზიციასთან გასაყოფად. ოპოზიცია იმდენად არის ჩაფლული საკუთარ პრობლემებში, რომ არ ვიცი, მოახერხებენ კი წინასაარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვას, თუნდაც მიუმხრობელი ამომრჩევლის გულის მოგებას. ოპოზიცია რომ ამომრჩეველთა ბაზის გაფართოებას ვერ ახერხებს, ეს იმით კი არ არის განპირობებული, რომ მმართველი გუნდი ძლიერია და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ამომრჩეველზე ზეგავლენას, ეს განპირობებულია იმით, რომ თავად ოპოზიციური პარტიებიც ვერ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა. არა მგონია, გაერთიანება ან გადაჯგუფებები გამოსავალი იყოს. ჩემი აზრით, ოპოზიციურმა პარტიებმა იმისთვის უნდა იმუშაონ, რომ პოლიტიკურ კლუბებს არ ჰგავდნენ და მართლა პოლიტიკურ პარტიებად შედგნენ. ამისთვის ამომრჩეველთან რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაონ. არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე კი არ უნდა დაიწყონ კარდაკარ სიარული და ამომრჩეველთან ხელის ერთ ჩამორთმევას კი არ უნდა დასჯერდნენ, არაერთი შეხვედრა უნდა გამართონ, ხალხს კარგად უნდა მოუსმინონ, გაიგონ, როგორია მათი ინტერესები, რა სჭირდებათ და ამის შემდეგ ხალხის ინტერესებს მოარგონ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმა. დღეს ყველაფერი პირიქით არის – პოლიტიკოსი ლიდერები აქეთ მოძღვრავენ ამომრჩეველს და ცდილობენ თავიანთ პლატფორმას მოარგონ ხალხის ინტერესები.

ოპოზიციისთვის ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ზოგისთვის გამოწვევაა, ზოგისთვის – ახალი შესაძლებლობები. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ დაალაგებს საკუთარ სტრატეგიას, ვინ შეაფასებს ვითარებას ობიექტურად, ვინ გამოიტანს წარსულიდან სწორ დასკვნებს და ვინ როგორ გათვლის სამოქმედო გეგმას. წინ ნამდვილად საინტერესო პროცესი გველის. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ძნელი სათქმელია, როგორ შეიძლება გამოიყენოს არსებული მოცემულობა პოლიტიკაში დასარჩენად. შეიძლება ჯერ თავადაც არ გადაუწყვეტია. ალბათ, მომენტს დაელოდება. არ არის გამორიცხული, მარგველაშვილის მსგავსად, განზე გადგომა არჩიოს”, – განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები