დათო ტურაშვილი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მეტი შრომა და მეტი განათლებაა

“არ არსებობს იმის შანსი, რომ უკან, რუსეთის იმპერიაში დავბრუნდეთ, რადგან რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის ახლა მას ალტერნატივა არ გააჩნია”, – ამის შესახებ მწერალი, დათო ტურაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მეტი შრომა და მეტი განათლებაა.

“სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემაა, თუმცა, ალბათ, მთავარი მაინც არასაკმარისი განათლება და პროფესიონალიზმია. საბჭოთა საქართველოში იშვიათი იყო უდიპლომო ადამიანი, ზოგს რამდენიმე უმაღლესის დამამთავრებელი დიპლომიც კი ჰქონდა, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ყველაზე მეტად რომ დაგვჭირდნენ კვალიფიციური კადრები, აღმოჩნდა, რომ დიპლომები გვაქვს, მაგრამ პროფესიონალიზმი აშკარად გვაკლია. პროფესიონალი ხელოსანიც ცოტა გვყავს, დეპუტატიც და მასწავლებელიც, სამწუხაროდ, და ამის ახსნა ადვილია, თუ გავიხსენებთ საბჭოთა წარსულს, სადაც დიპლომი, ანუ ფურცელი, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ცოდნა, ანუ განათლება. მეტიც, საბჭოთა საქართველოში ძალიან ბევრი მშობელი შვილს სწავლაში კი არ უხდიდა ფულს, არამედ ქრთამს უხდიდა ვისაც საჭირო იყო იმას, რომ შვილი შტერი ჰყოლოდა, მაგრამ იმ შტერ შვილს დიპლომი ჰქონოდა.

ამიტომაც არის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა საბჭოთა მენტალური მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება. აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენა უფრო ადვილია ზოგჯერ, ვიდრე თავისუფლების დაბრუნება, რადგან თავისუფლება აზროვნების კატეგორიაა და უპირველესად პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას გულისხმობს. რაც შეეხება პოლიტიკურ კლასს, ამ მხრივ გაცილებით რთულადაა საქმე, რადგან თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ადამიანი არა იდეებისა და პროგრამების, არამედ სულ სხვა მიზნებისა და მიზეზების გამო მიდის. ზემოთქმული ყველაზე კარგად პარლამენტში ჩანს, სადაც ცოტანი არიან ისინი, ვისთვისაც პოლიტიკა ქვეყნისა და საზოგადოების შეცვლის საშუალებაა და ბევრნი არიან ისინი, ვისაც საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურს უკეთესობისკენ ხელისუფლების გამოყენებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მეტი მილიონერი (ორმოცზე მეტი, ოფიციალურად) საქართველოს პარლამენტს ჰყავს და ამ მხრივ, ასეთი ქვეყანა მსოფლიოში, ალბათ, არც არსებობს. რასაკვირველია, ქართველ პოლიტიკოსებს შორის არსებობენ ისეთებიც, ვინც ის მაინც იცის, რას ნიშნავს საკანონმდებლო საქმიანობა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს (პარლამენტში რომ მოდის), სადღეგრძელოებს არ ეუბნება, მაგრამ ასეთები ბევრნი არ არიან. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ გარდა კანონშემოქმედებისა, მისი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი და კრიტიკაა და არა ქება და მლიქვნელობა…

ოცდაათ წელზე მეტია, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, მაგრამ დამოუკიდებლობისაგან განსხვავებით, თავისუფლება ჯერჯერობით ვერ დავიბრუნეთ, რადგან თავისუფლება აზროვნების კატეგორია უფრო არის და სხვა ყველაფერთან ერთად, საბჭოთა კავშირისაგან მენტალური მემკვიდრეობაც დაგვრჩა. როცა ამდენი ათეული წლის მანძილზე გვინერგავდნენ, რომ ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ის მტერია, ახლაც კი ძნელია დავიჯეროთ, რომ ყველა განსხვავებულ აზრს აქვს არსებობის უფლება. ამას ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ამბობდა შოთა რუსთაველი. ამ მხრივ დეგრადირებული ცნობიერების მაგალითები ყველაზე მეტად პოლიტიკაში გვაქვს და ასეთები ხელისუფლებაშიც არიან და ოპოზიციაშიც – ქართველი პოლიტიკოსების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანი, რომელიც არ გეთანხმება, არ უნდა გძულდეს. ეს სიძულვილი და ზიზღი, რომელიც ასე მასობრივად ვრცელდება, ყველასა და ყველაფერზე ახდენს გავლენას. ცუდი პოლიტიკოსები თავს იმით იმართლებენ, რომ პოლიტიკაა თვითონ ცუდი და ბინძური და ამით წესიერ ადამიანებსაც აფრთხობენ, რომ მათ არ მოუნდეთ პოლიტიკაში წასვლა და ქართული პოლიტიკის შეცვლა. არადა, აუცილებელია ყველგან იყვნენ პროფესიონალები, პატიოსანი და განათლებული ადამიანები, რომ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდაც იქცეს.

ყველაფერს მხოლოდ რუსებსა და რუსეთს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის დიდი იმედი გვქონდა გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე, ძალიან დიდი იმედგაცრუება მოგვიტანა და არავინ ისე არ მოუტყუებიათ დამპყრობლებს, როგორც ერეკლე მეორე. ნებისმიერი დამპყრობელი ცუდია, მაგრამ როცა მოყვრად მოსული ერთმორწმუნე ქვეყანა ასე მუხანათურად გექცევა და იმას გართმევს, რაც მანამდე სხვებს არ წაურთმევიათ, ფსიქოლოგიურადაც კი, ძალიან ძნელი ასატანია და ამდენი ბრძოლით დაღლილმა საქართველომ, მშვიდობის ნაცვლად, მეცხრამეტე საუკუნეშიც ბევრი ტკივილი და ცრემლი მიიღო. მეოცე საუკუნის ოციან და ოცდაათიან წლებში კი, საქართველოს საუკეთესო, გონებრივად და სულიერად ყველაზე ელიტური ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს და გადარჩენილი ადამიანებისაგან საბჭოთა ტიპის მორჩილი უმრავლესობის შექმნა დაიწყეს. თუმცა, როგორც ვთქვით, რუსეთის იმპერიამდე სხვა დამპყრობლებიც მრავლად გვყავდა, სამწუხაროდ, და მათი უმრავლესობა გვართმევდა სწორედ იმას, რაც ახლა ასე ძალიან გვჭირდება – ეს არის საკუთარი ქვეყნის კარგი მოქალაქის პრინციპული პოზიცია და კრიტიკული აზროვნება. ნებისმიერი მთავრობა უნდა გავაკრიტიკოთ და ვაიძულოთ ისეთები იყვნენ, როგორც არჩევნებამდე გვპირდებოდნენ. ევროპული აზროვნება და ცნობიერებაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სწავლასა და შრომაზეა დამოკიდებული ყველა წარმატება და რიგითი მოქალაქეებიც პასუხისმგებლები ვართ ქვეყნის მომავლის გამო. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მეტი შრომა და მეტი განათლებაა. ევროინტეგრაციის ყველაზე მეტად სწორედ მათ ეშინიათ, ვისაც სწავლა და შრომა ეზარება და საბჭოთა ინერციით ურჩევნიათ ყველაფერი “იჩალიჩონ” ძველებურად – დიპლომით დაწყებული და სამსახურით დამთავრებული. ამასთან, არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომლის მიზეზიც სხვაა და ევროპას სკეპტიკურად უყურებს (რბილად რომ ვთქვათ), რადგან ჰგონიათ, რომ ევროპაში, ისტორიულ სახლში დაბრუნება, იმ ტრადიციებს დაგვაკარგვინებს, რაც ჩვენთვის ძვირფასია. სინამდვილეში კი ევროპა სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა ხალხი ადვილად ინარჩუნებს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს და რას დავკარგავთ და რას შევინარჩუნებთ, ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია და არავისი სხვისი.

ევროპული ღირებულებებიდან არაფერია ჩვენთვის ახალი, უცხო და უჩვეულო – ქალთა უფლებებზე ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში იაკობ ხუცესი საუბრობდა, თანასწორობაზე – გენიალური შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მეთორმეტეში და აღარაფერს ვამბობ ვაჟა-ფშაველაზე, რომელმაც ევროპული იდეებით ევროკავშირსაც დაასწრო მინიმუმ ერთი საუკუნით მაინც. რადგან სიტყვა “დასწრება” ვახსენე, ბარემ აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მედეა კოლხზე ადრე სიყვარულით და თავისი ნებით გათხოვილი ევროპელი ქალი, უბრალოდ, არ არსებობს… არ არსებობს არც იმის შანსი, რომ უკან, რუსეთის იმპერიაში დავბრუნდეთ, რადგან რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირს, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის ახლა მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ისტორიაც სულ იმ მეკავშირის ძებნაა, ვინც ჩვენი უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის უკეთესი გარანტია გვეგონა, მაგრამ მაინც ყოველთვის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ახლაც ასე ვართ – გვინდა ვიყოთ იქ, სადაც მეტი თავისუფლებაა”, – განაცხადა ტურაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები