გია ხუხაშვილი: ეს არჩევნები იქნება ყველაზე დიდი დაკვირვების ობიექტი, რაც ამ დრომდე ყოფილა

”ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ 2024 წელს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება – ეს არჩევნები იქნება ყველაზე დიდი დაკვირვების ობიექტი, რაც ამ დრომდე ყოფილა”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს.

მისივე თქმით, ყველაფერი საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული.

“ვიზიარებ ქართველი ხალხის საყოველთაო სიხარულს, მაგრამ ფორიაქი მაინც მაქვს. რატომ?! ყველას კარგად ესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, ევროკომისიის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, ევროსაბჭო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. დიდი ალბათობით, საბოლოოდ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ, რამდენადაც ჩვენს ხელისუფლებას კარგად ვიცნობ, მეშინია, მანამდე რაიმე ისეთი არ ჩაიდინონ, რომ ევროპარლამენტარების განწყობა არ შეიცვალოს. ვიმედოვნებ, რომ “ქართული ოცნება” წყალს აღარ აამღვრევს… გასულ წელს არ ვიყავით მზად, მეტიც, ევროკავშირის საწინააღმდეგო პოლიტიკას ვატარებდით. აბსოლუტურად გასაგებია, რატომ არ მოგვცეს შარშან სტატუსი… დეპოლარიზაციის საკითხის მოგვარება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ მოწინააღმდეგის ლანძღვის მეტი არაფერი იცის. შესაბამისად, ნეგატიურ ქაოსში ვცხოვრობთ. ჩემი შეხედულებით, პოლარიზაცია უფრო და უფრო გაიზრდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. დღეს რევოლუციური სცენარის განვითარების ან სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ. ევროკომისიის რეკომენდაცია, ჩემი აზრით, ასეთ საფრთხეებს გამორიცხავს. სიმართლე გითხრათ, არც რუსეთისგან ველი აგრესიულ ქმედებას. მეტიც, არა მგონია, რუსეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყოს – რუსეთს შეუძლია ეს სათავისოდ გამოიყენოს. ნახეთ, როგორ იყენებს უნგრეთს, ფაქტობრივად, მისი სახით “ტროას ცხენი” ჰყავს უკრაინაში. რატომ არ უნდა აწყობდეს ორი “ტროას ცხენი”?! მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ საქართველო რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკას გააგრძელებს, მოსკოვი ამას ხელზე არ დაიხვევს და ევროკავშირში საკუთარ პლაცდარმად არ გამოგვიყენებს.

კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი შესაძლებლობაა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს “ნაციონალური მოძრაობა”, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ჩაკეტილი ორგანიზაციაა და გარედან ამომრჩევლის მოზიდვა არ შეუძლია, განვითარების პოტენციალი არა აქვს. შესაბამისად, დიდი სივრცეა გახსნილი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისთვის. სხვა საქმეა, ვინ როგორ გამოიყენებს ამას. ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი და ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ 2024 წელს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. კი ბატონო, ეს არჩევნები იქნება ყველაზე დიდი დაკვირვების ობიექტი, რაც ამ დრომდე ყოფილა… ასეთ შემთხვევაში ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას იზამს საზოგადოება. მგონი, ძალიან რთული წელი გვექნება, თუმცა ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება. თუ არჩევნების შემდეგ ევროპელ პოლიტიკოსებს კითხვის ნიშნები დარჩათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კარი საბოლოოდ დაიხურება”,- განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები