ვახტანგ ძაბირაძე: ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი

“ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი. რა თქმა უნდა, სტატუსს მოგვცემენ გარკვეული დათქმებით“, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოსთვის სტატუსზე კვლავ უარის თქმას რუსეთი აღიქვამს როგორც საკუთარ წარმატებას და შეეცდება ქვეყანა თავის გავლენაში უფრო მეტად მოაქციოს.

“ხელისუფლების მტკიცებას, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს სტატუსს, ნამდვილად არა აქვს საფუძვლად ის, რომ ქვეყანამ დავალება, რომელიც ევროკომისიისგან მიიღო, პირნათლად შეასრულა. საქმე ისაა, რომ თავიდანვე, ანუ როცა საქართველოს პირველ ჯერზე უარი ეთქვა სტატუსზე, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, ახლაც სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოუწევთ ევროპელებს დასკვნების გაკეთება. ვფიქრობ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცხადი გახდა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი. რა თქმა უნდა, სტატუსს მოგვცემენ გარკვეული დათქმებით. ჩვენს ხელისუფლებას არავინ ეტყვის, კარგი ბიჭები ხართ და იმიტომაც გაძლევთ სტატუსსო. გარდა გეოპოლიტიკური ვითარებისა, ევროპელები ხედავენ იმასაც, თუ რამდენად ძლიერია დასავლური კურსის მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში. მარტის აქციებმა ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის სულისკვეთება ყველას კარგად დაანახა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საქართველოსთვის სტატუსზე კვლავ უარის თქმას რუსეთი აღიქვამს როგორც საკუთარ წარმატებას და შეეცდება უფრო მეტად მოაქციოს ჩვენი ქვეყანა თავის გავლენაში. ამ ყველაფერს ხედავენ ჩვენი პარტნიორები, გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებენ… სტატუსს თუ მართლაც მოგვცემენ, მოგვცემენ დიდწილად იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან მძლავრი პროდასავლური განწყობა, ამასთანავე, გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება.

შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი საყოველთაო კორუფცია სააკაშვილის დროს ელიტურად იქცა, ივანიშვილის ხელისუფლებამ კი ის მემკვიდრეობად მიიღო, შეითვისა და კიდევ უფრო მასშტაბური გახადა. ეს ყველაფერი ქვეყანაში ქმნის უსამართლობის განცდას, რაც მზარდია. თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა უარყოფითი მუხტის დაგროვება, არ ვიცი, გაზაფხულზე რა პროცესები დაიწყება. ერთად­ერთი, რაზეც დღეს ხელისუფლება დგას, არის სუსტი ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ისეთივე მიუღებელია საზოგადოების 2/3-ისთვის, როგორც “ქართული ოცნება”. ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ერთი რამ – არსებული პოლიტიკური ვითარება შეიძლება გამწვავდეს და “ქართულ ოცნებას” შეექმნას პრობლემები, მაგრამ ამით ოპოზიციაში ძალთა განლაგება არსებითად ვერ შეიცვლება. როგორც არ უნდა დაიყოს “ნაციონალური მოძრაობა”, ის აუცილებლად გადალახავს 5%-იან ბარიერს, ისევე როგორც “ქართული ოცნება”. დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრში ახლა იმაზე უნდა იფიქრონ, როგორმე მოახერხონ სხვა ძალებმაც ბარიერის ისე გადალახვა, რომ დღის წესრიგში დადგეს კოალიციური მთავრობის შექმნა. საზოგადოებაც უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების არა სრულად შეცვლა, არამედ კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება, რათა ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა, რასაც კომუნისტებიდან მოყოლებული ვერაფრით დავუსვით წერტილი. ამას კი ყოველთვის მოჰყვება როგორც ავტორიტარული, ისე კორუფციული პროცესები. ერთპარტიული მართვა ნიშნავს იმას, რომ ფერხდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ოპოზიციას ამის ელექტორალური რესურსი ნამდვილად აქვს, მაგრამ ამას ათვისება სჭირდება. ქართველი საზოგადოება მიჩვეულია, რომ მოდის ხოლმე ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინას სრულად ანაცვლებს – დღეს ეს ვეღარ მოხდება. ამას სჭირდება ახალი ლიდერი, ისეთი, როგორიც თავის დროზე სააკაშვილი იყო, შემდეგ – ივანიშვილი… ასეთი ლიდერი არათუ ჰორიზონტზე არ ჩანს, სფეროც კი არ არის, საიდანაც შეიძლება მისი აღმოცენება ვივარაუდოთ. დღეს ჩვენი საზოგადოების მთავარი ამოცანაა ერთპარტიული მმართველობის დასრულება. თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ, ძალიან კარგი იქნება. თუ კვლავ დავრჩებით ორპოლუსიან გარემოში, ეს როცა იქნება, დასრულდება, მაგრამ შეიძლება დასრულდეს სამოქალაქო დაპირისპირებით, რაც ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული იქნება…

რაც შეეხება სააკაშვილს, მან ციხიდან თავის დახსნის ყველა გზა მოსინჯა, მაგრამ არაფერმა უშველა, არც შიმშილმა, არც ავადმყოფობამ, არც ევროპარლამენტარების განცხადებებმა… ახლა ცდილობს ისევ იაქტიუროს და პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას, მაგრამ არც ამ მიმართულებით უნდა ჰქონდეს დიდი წარმატების იმედი. ის ციხეში დარჩება მანამ, სანამ მისი გათავისუფლება “ქართულ ოცნებას” არ დასჭირდება… რაც შეეხება მის განცხადებას, მომავალი არჩევნებისთვის ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ პირებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრებიო, ჩემი აზრით, ვინც არ უნდა შეიყვანონ სიაში, არაფერს შეცვლის, “ნაციონალური მოძრაობა” მიიღებს იმ მხარდაჭერას, რაც სტაბილურად აქვს ბოლო წლებში. მას ამომრჩევლის გაზრდის რესურსი აღარ აქვს, მით უფრო, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე კვლავ აქტიურად გამოჩნდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი თუ კეზერაშვილი…

რაც შეეხება პრეზიდენტს – სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი ბოლო დროს გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ მან სწორი პოზიცია დაიჭირა უკრაინასთან, დასავლეთთან თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე. მას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ თუ გარკვეულ ძალებს შეკრებს, გადალახოს 5%-იანი ბარიერი, რაც ნამდვილად კარგი იქნება, თუმცა მოუწევს გადადგეს პრეზიდენტობიდან, მაგრამ ამისთვის უნდა შეირჩეს ოპტიმალურად მნიშვნელოვანი დრო და სწორი არგუმენტები. ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს მის დისკრედიტირებას, მაგრამ ჯერ ვერაფერს ახერხებს, პირიქით, მისი კრიტიკა პრეზიდენტის რეიტინგს ზრდის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერაფერს გამოვრიცხავთ, არჩევნების წინ შესაძლოა მართლაც მეტად საინტერესო კონფიგურაცია მივიღოთ”,- განაცხადა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები