კორნელი კაკაჩია: კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის ბნელ გვირაბში პატარა შუქის გამოჩენას ნიშნავს

“სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა არ ასცდეს სტრატეგიულ გეზს, რომელიც ბოლო პერიოდში ცოტა აგვერია. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველო არ არის არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის, არც დსთ-ს და საერთოდ, წლების განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ”,- ამის შესახებ ექსპერტი, “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი, კორნელი კაკაჩია “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილება უფრო გეოპოლიტიკური ტიპის იქნება.

“კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის ბნელ გვირაბში პატარა შუქის გამოჩენას ნიშნავს. ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრებაა და სტატუსი საშუალებას მოგვცემს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. ეს რუსეთისთვის სიგნალია, რომ თავის სივრცეში საქართველოს შეთრევისთვის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება. თუ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ამას მოჰყვება სტრუქტურული ფონდებიდან დაფინანსება.­ გაჩნდება რეფორმების გატარების მეტი მოთხოვნა და ეს ყველაფერი ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. მთავარი კი მაინც ის იქნება, რომ ბოლო პერიოდში გაჩენილი იზოლირებულობის განცდა შეიცვლება, არ ამოვვარდებით საერთო პანევროპული სტრატეგიული საუბრებიდან.

რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, საქართველო ნამდვილად არ არის სხვა ქვეყნებზე უარესი და ამას ყველა აღიარებს. თუმცა მხოლოდ ტექნიკური პარამეტრები არ არის გადამწყვეტი: საჭიროა ქვეყნის თავსებადობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ჩვენი პოზიცია, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებული; საჭირო რეფორმებისთვის ქვეყნის მზაობა და ა.შ. ამის თაობაზე კი ბოლო წლების განმავლობაში ბევრი შეკითხვა გაჩნდა. ბოლო შეფასებით, 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 იყო შესრულებული. რაც დაგვრჩება შესასრულებელი, სავარაუდოდ, იმაზე კიდევ დაგვემატება რამდენიმე. ამიტომაც სტატუსის მონიჭების შესახებ გადაწყვეტილება უფრო გეოპოლიტიკური ტიპის იქნება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ბევრ ქვეყანას, თუნდაც ბოსნიას, მსგავს სიტუაციაში მისცეს სტატუსი, დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერეს, რომ მისცეს ბოსნიელ ხალხს სწორედ სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელისუფლებასთანაც ბევრი პრეტენზია ჰქონდათ. ვიღაც შეიძლება ფიქრობდეს, რა მნიშვნელობა აქვს სტატუსს, თუ რეფორმებს არ გავატარებთო? თუ ამოვარდები ასოცირებული ტრიოს ფორმატიდან, ჩამოშორდები ევროსტრუქტურებს და ფაქტობრივად, გარიყული და იზოლირებული იქნები, არა მგონია, ამან ან ჩვენ გვარგოს, ან ევროკავშირს, რომელსაც თავისი სტრატეგიული ინტერესები აქვს. მე მესმის, რომ ზოგიერთი­ პოლიტიკოსი თუ პარტია ფიქრობს, რომ სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი შემდეგი არჩევნებისთვის, მაგრამ ცდებიან. უბედურება ისაა, რომ არ შეიძლება პოლიტიკური პარტიები მხოლოდ იმაზე იყვნენ დამოკიდებული, თუ სტატუსს ვერ მივიღებთ, ხალხი გაბრაზდებაო. არჩევნების დროს საგარეო პოლიტიკა კი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და ა.შ., რაც ძალიან კარგად ჩანს სოციოლოგიურ კვლევებში. აქეთ უნდა იყოს მიმართული პარტიების ყურადღება.

უკრაინაშიც ძალიან დიდი პრობლემებია და ამაზე დასავლური მედია ლამის ყოველდღე წერს. არც მოლდოვაშია კარგი მდგომარეობა, მაგრამ იმათ ხელისუფლება ჰყავთ შედარებით ნორმალური. ან ბალკანეთის ქვეყნებს რომ მისცეს კანდიდატის სტატუსი, ყველა სანიმუშოდ ასრულებდა ამ ვალდებულებებს? ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ძალიან მოწყვლადი, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ხომ გახსოვთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა რომ თქვა, მოლდოვა და უკრაინა ტერიტორიულად ევროპააო. ასე რომ, გეოგრაფია არ არის ჩვენს სასარგებლოდ. სად გვაქვს იმის ფუფუნება, ფეხები ვაბაკუნოთ, ახლა არ მოგვცენ, რათა “ოცნებამ” საარჩევნოდ არ გამოიყენოსო. რუსეთის ფაქტორი კვლავაც მნიშვნელოვანია, რადგან ახლაც კი პრობლემებია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების გამო, ვგულისხმობ ფრენების აღდგენას, ჩინეთთან სტრატეგიული ხელშეკრულებაც ბევრ შეკითხვას ბადებს ევროპელ პარტნიორებში. თუ სტატუსი არ მოგვცეს, ეს ავტორიტარული ტენდენციები უფრო გაძლიერდება და ამას ევროკავშირშიც ხედავენ. ამიტომ არა მგონია, მათ ინტერესებშიც იყოს, რომ საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. პირიქით, ევროკავშირი ცდილობს, მიუხედავად ამ პრობლემებისა, დაგვეხმაროს. თუ გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ბოლო წლებში კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საუბარია მილიონობით ევროზე, რასაც ქვეყნის ეკონომიკას, სოციალური ცხოვრების სტაბილიზაციას ახმარენ. ამ დახმარებას ჩვენ ახლაც ვიღებთ, მაგრამ უფრო მეტი იქნება, რადგან ევროკავშირის მიზანია, მოამზადოს ქვეყანა წევრობისთვის, ამას კი სჭირდება როგორც ევროკავშირის, ასევე თავად ქვეყნის ინვესტიციები. სტატუსის მიღების აბსოლუტური გარანტია არ არსებობს. მთავარია, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი – მიიღებს ე.წ. ბოსნიური სცენარით თუ პირდაპირ მოგვცემენ. ცხადია, ევროკავშირსაც არ სურს კოზირი მისცეს ხელისუფლებას არჩევნების წინ და რამდენად კრეატიულ ფორმულას შემოგვთავაზებს, ვნახოთ”, – განაცხადა კაკაჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები