გიორგი რუხაძე: ბირთვული იარაღის გამოყენება მარტივად არ ხდება, “ჰამასის” რაკეტა ხომ არ არის, რომელიღაც შენობას ესროლო?

“ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არამედ გამოცდაზე – ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მუქარაა და მეტი არაფერი”, – ასე ეხმაურება “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი გიორგი რუხაძე ბირთვული გამოცდის აკრძალვის შეთანხმების რატიფიკაციის გაუქმების თაობაზე რუსეთის დუმის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას.

როგორც რუხაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ამბობს, თუ რუსეთი მზად არის თვითგანადგურებისთვის, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მინიმალურია.

“რუსეთი ბირთვულ იარაღს ისედაც ცდიდა, მაგრამ ხვალ-ზეგ უფრო ნაკლებად გამოცდის, ბირთვული იარაღი რომ გამოცადო, უნდა შექმნა რაღაც ახალი, საამისო ფული ან სხვა რესურსი რუსეთს დღეს არა აქვს. ჩვენთვის უფრო საშიში სხვა რამ არის, ვიდრე ბირთვული იარაღის გამოცდა. რომც გამოცადონ, მე ამ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მნიშვნელოვნად არ მივიჩნევ. მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ეს გადაწყვეტილება არ ცვლის არაფერს და არც ყოფილა ამაზე მსოფლიო გამოხმაურება. რუსეთი თუ რამეს აპირებდა, აქამდე გააკეთებდა. წელიწად-ნახევარია უკრაინას ეომება და ნელ-ნელა უკან იხევს, თუ რამის სროლა უნდოდა, აქამდე იზამდა.

ბირთვული იარაღის გამოყენება ასე მარტივად არ ხდება, “ჰამასის” რაკეტა ხომ არ არის, რომელიღაც შენობას ესროლო? შეიძლება გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, რაც გაანადგურებს ათობით ქალაქს და მერე ქარი ან მდინარე სად წაიღებს, კაცმა არ იცის. ბირთვული იარაღის გამოყენებისას დაფარვის არეალის გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და შეიძლება ისეთივე ზარალი მოუტანოს რუსეთს, როგორიც უკრაინას. უფრო მსხვილი მასშტაბის აფეთქება გლობალური კატასტროფა იქნება და, თუ ვინმე ისე გაგიჟდა, რომ დედამიწის დანგრევა დააპირა, რა გითხრათ? მეორე მხრივ, როგორც კი რუსეთი დააპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ამას პასუხი უმალ მოჰყვება, მსოფლიოში სხვა ბირთვული სახელმწიფოებიც არიან. გარდა ამისა, ვიდრე გამოიყენებს, ბირთვული სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურები გულზე ხელდაკრეფილი ხომ არ ისხდებიან, დაუყოვნებლივ იქნება პრევენციული მოქმედებები. თუ რუსეთი მზად არის თვითგანადგურებისთვის, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მინიმალურია.

ვფიქრობ, ეს პოლიტიკური მუქარაა და მეტი არაფერი. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის რამდენიმე გადაწყვეტილება მხოლოდ შანტაჟს ისახავდა მიზნად და ესეც ამ სერიიდანაა, მიზანი კი, სავარაუდოდ, ის არის, რომ შეწყვიტონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მხარდაჭერა და ა.შ. უბრალოდ, კრემლი მსოფლიოს ახსენებს, ჯერ კიდევ რაღაც შეგვიძლია და ჯობია მოგვისმინოთო… ბირთვული საფრთხის შექმნა საქართველოზე არ არის დამოკიდებული და ჭკვიანად ვიქნებით თუ გავგიჟდებით, სულ რომ ხვალ დავესხათ რუსეთს თავს, ეს ვერ გამოიწვევს ბირთვულ აფეთქებას. თუ ბირთვული საფრთხე მართლაც შეიქმნება, მაშინ ერთადერთი მცირე შანსი მაინც თავშესაფარია და ჭკვიანად ყოფნა ვერ გვიშველის”, – განაცხადა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები