რობერტ სინგლეტარი: გადადგომას არ ვგეგმავ
„მე არ ვგეგმავ გადადგომას“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა, რობერტ სინგლეტარმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის მხარს უჭერს სასამართლო კონტროლის არსებობას სანქციების შესახებ საერთაშორისო გადაწყვეტილებაზე, რაც საკუთრების უფლების უკეთეს დაცულობას უზრუნველყოფს. რობერტ სინგლეტარი ამბობს, რომ ის ესაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულ სამივე ვიცე-პრეზიდენტს და აცხადებს, რომ მათი წასვლა ამ ახალ პოლიტიკასთან მიმართებით მათი განსხვავებული მოსაზრებებით იყო განპირობებული.
„მე არ ვგეგმავ გადადგომას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ მგრძნობიარე due process-თან დაკავშირებით, იქამდე სანამ მოხდება ადამიანების საკუთრების გაყინვა. ამავდროულად, თუკი არ მოხდება სანქციების აღსრულება, კომერციული ბანკები იქნებიან მოწყვლადი საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკებთან თანამშრომლობის რისკის ქვეშ დაყენების მიმართ.
არის ერთმანეთთან შეპირისპირებული არგუმენტები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვრჩები საბჭოს შემადგენლობაში, არის ის, რომ შევეცდები გავუძღვე და დავეხმარო საბჭოს ამ ვითარებაში, იქნეს მოძებნილი ოპტიმალური გამოსავალი.
მე ყველა ვიცე-პრეზიდენტს ვესაუბრე და ჩვენ განვიხილეთ ის მიზეზები, რის გამოც მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მათ პოსტების დატოვება არავინ სთხოვა, ისინი ჩვენთან იქნებიან მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც. იმედი მაქვს შემდგომი ორი თვის განმავლობაში ყველანი ვიმუშავებთ ამის გადაჭრისთვის. ეს გადადგომები არის სწორედ ამ პოლიტიკის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო“, – აცხადებს რობერტ სინგლეტარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს ვიცე-პრეზიდენტებმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.