ბათუმში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ბათუმში გამართულ გასვლით სხდომაზე დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტები განიხილა. კანონპროექტები ჩატარებული დემარკაციის სამუშაოების შედეგად დაცული ტერიტორიების საზღვრების კორექტირებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტები დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის მოადგილემ თომა დეკანოიძემ წარადგინა.
“მომხსენებლის განცხადებით, მეორე მოსმენით განხილული „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპური ინფრასტრუქტურა, ფიზიკური თუ იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები. ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. მაგალითად, საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვა. დემარკაციის სამუშაოების შედეგად ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი შესაბამისად, 22 ჰა-თი გაიზარდა და 11 407 ჰა შეადგინა.
მესამე მოსმენით განხილული კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ითვალისწინებს ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობის კორექტირებას. კერძოდ, აღკვეთილის ტერიტორიაზე ჩატარებული დემარკაციის სამუშაოების შედეგად ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობი 73,2 ჰა-თი გაიზარდა და 5009 ჰა შეადგინა. ასევე გაიზარდა მარიამჯვრის დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი, რამაც 6031,5 ჰა შეადგინა.
კომიტეტის სხდომაზე თომა დეკანოიძემ მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ფარავნის ტბის აღკვეთილის, აბულის ტბის აღკვეთილის და საღამოს ტბის აღკვეთილის საზღვრების დემარკაციის შედეგების კანონში ასახვას ითვალისწინებს.
„პროცესი, რომელიც 2016 წელს დავიწყეთ, წარმატებით მიმდინარეობს. დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაციის ადგილზე გადამოწმების რვაწლიან პერიოდში ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ გაკეთდა, ერთი, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა საშუალება ესარგებლა თავისი საკუთრებით. ამავე დროს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დემარკაციის პროცესის შედეგად, ზოგ შემთხვევაში მცირდება ამა თუ იმ დაცული ტერიტორიის ფართობი, ზოგ შემთხვევაში იზრდება. თუმცა, საბოლოო ჯამში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.