„როგორ გამახარა ჩემმა შვილიშვილმა მარიამ კრავეიშვილმა, თავისი დახატული ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის ხატი მაჩუქა – ჩემი განსაკუთრებული წმინდანი“! – ამ სტატუსით მიულოცა მამა გაბრიელის ხსენების დღე მეგობრებს მომღერალმა ნინო კრავეიშვილმა, რომელსაც თან ახლდა მარიამის მიერ დახატული მამა გაბრიელის პორტრეტი. „კვირამ“ მოიძია პატარა მხატვარი და გაესაუბრა.
მარიამ კრავეიშვილი დაიბადა თბილისში 2012 წლის 13 ივნისს. არის თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე. ამბობს, რომ ხატვა 5 წლის ასაკში დაიწყო და ხატავდა ყველაფერს, რაც მოეწონებოდა. საყვარელი მხატვრები არიან – მიქელანჯელო, კლოდ მონე, ელენე ახვლედიანი და ლეონარდო და ვინჩი. ხატავს პორტრეტებს და პეიზაჟებს.
– მარიამ, ფერადი და სახასიათოა შენი ნამუშევრები…
– დამებადება ხოლმე იდეა და შემდეგ ძალიან მინდა მისი დახატვა. ეს სურვილი იმდენად დიდია, რომ ჩანაფიქრის ასრულებაში ხელს ვერაფერი მიშლის.
– მამა გაბრიელი… როგორ დაიხატა წმინდანი?
– ძალიან მინდოდა დამეხატა რომელიმე წმინდანი და მალევე გადავწყვიტე მამა გაბრიელის დახატვა. შთამაგონა იმანაც, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ვცხოვრობ.
– ვინ ნახულობს პირველად შენს ნამუშევრებს? ვის რჩევას ითვალისწინებ ხატვისას?
– ჩემს ნამუშევრებს პირველად ჩემი მასწავლებელი ნახულობს, ვისთანაც 2024 ოქტომბრიდან დავიწყე სიარული და ხატვის დროს ყოველთვის ვითვალისწინებ მის რჩევებს.
– სწავლა და ხატვა ერთად, არ გიჭირს?
– სწავლას და ხატვას კარგად ვუთავსებ ერთმანეთს, კარგად ვსწავლობ, მათემატიკის წრეზეც დავდივარ და ხატვა ძალიან მიყვარს.
– გამოფენები, ჯილდოები….
– ერთი წელიც არ იყო გასული, რაც ხატვაზე დავიწყე სიარული. 2025 წლის მარტში უკვე მონაწილეობა მივიღე ბავშვთა ნახატების გამოფენაში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში ჩემი რამდენიმე ნამუშევარი იყო წარდგენილი. დამაჯილდოვეს დიპლომით.
– ჰობი…
– კითხვა, ხატვა, მუსიკის მოსმენა, რაიმე ახლის შესწავლა, ჩემს ფიქრებსა და ფანტაზიებში ყოფნა, ბუნებაში სიარული და მეგობრებთან ყოფნა.– ამჟამად რაზე მუშაობ?
– ვხატავ ჩემი შთაგონებით წარმოდგენილ გოგონას პორტრეტს.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმები ბევრი მაქვს: მინდა ვიყო მხატვარი, ინგლისური ენის და ქართული ენის პედაგოგი, ექიმი და მოდელი.






თამარ შაიშმელაშვილი