საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით რეისს ასრულებდა.
შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.