სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, თურქეთი საქართველოში კოორდინაციის ჯგუფს აგზავნის
სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, თურქეთი საქართველოში კოორდინაციის ჯგუფს აგზავნის.
თურქული მედიის ინფორმაციით, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო და კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის (AFAD) ჯგუფები საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტზე არიან და თურქული სამაშველო ჯგუფების რეგიონში განლაგებისთვის მზადება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით რეისს ასრულებდა.
შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.