საქართველოს ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნას თურქეთის პრეზიდენტი ეხმაურება – ერდოღანი დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება.
როგორც “როიტერი” წერს, ერდოღანმა დაღუპულების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
სამინისტრომ X-ზე განაცხადა, რომ თურქული C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან აფრინდა და თურქეთში ბრუნდებოდა, როდესაც ჩამოვარდა. უცნობია, ეკიპაჟის რამდენი წევრი იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.
სამინისტროს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მიემგზავრება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტს თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმარი უკვე გამოუცხადა.
როგორც თურქული მედია წერს, C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავებს თურქეთის შეიარაღებული ძალები პერსონალის გადასაყვანად და ლოგისტიკური ოპერაციების განსახორციელებლად ფართოდ იყენებენ.