“ჩვენი სანაპიროს და მდინარის აუზის დამაბინძურებლების 80-88% პლასტიკის ნარჩენებზე მოდის” – ექსპერტი განმარტავს, რა ზიანს აყენებს პლასტიკი ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს
„კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, გარემოსდამცველის, სოფიო ახობაძის განცხადებით, პლასტიკით დაბინძურების პრობლემა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის საკმაოდ აქტუალურია.
მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ახობაძემ ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით დაგეგმილი რეგულაციები შეაფასა. მისი თქმით, ერთჯერადი პლასტიკის სწორი მართვა და აკრძალვა პირველი და გადაუდებელი ნაბიჯია.
სოფიო ახობაძემ საქართველოში პლასტიკის ნივთებით დაბინძურების მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ჩვენი ზღვის სანაპიროს და მდინარის აუზის დამაბინძურებლების 80-დან 88%-მდე პლასტიკის ნარჩენებზე მოდის.
ახობაძის თქმით, პლასტიკით დაბინძურების პრობლემას ორი მხარე აქვს, ერთი გარემოს დაბინძურებას უკავშირდება, მეორე კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეებს ეხება.
“ჩვენი ორგანიზაცია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ძალიან მჭიდროდ მუშაობს, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ნარჩენების, განსაკუთრებით პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების პრევენცია გახლავთ. ბოლო ხუთი წელია, ამ მიმართულებით არაერთი კვლევა განვახორციელეთ. შედეგები, რომლებიც დავდეთ ზუსტად იმ რეფორმის საფუძველია, რომელსაც დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. პლასტიკით დაბინძურების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია როგორც ქვეყნისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. პლასტიკით დაბინძურებას ორი მხარე აქვს, ერთია ხილული და მეორე – უხილავი. ხილული მხარე უშუალოდ გარემოს დაბინძურებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ გასულ წელს “მსოფლიო ბანკთან” ერთად კვლევა დავასრულეთ, რომელიც დრონების და IT ტექნოლოგიების გამოყენებით ბრიტანულ კომპანიასთან ერთად ჩავატარეთ. მთელი შავი ზღვის სამეგრელოს რეგიონის სანაპირო შევისწავლეთ, დრონების გამოყენებით მდინარე რიონის აუზი მთლიანად დავათვალიერეთ, რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე დავადგინეთ, რომ ჩვენი სანაპიროს და მდინარის აუზის დამაბინძურებლების 80-დან 88%-მდე სწორედ პლასტიკის ნარჩენებზე მოდის. რეგიონი მიმზიდველია ტურისტებისთვის, თუ არაფერს გავაკეთებთ, ტურიზმი საერთოდ უნდა დავივიწყოთ.
პლასტიკი ზღვის ფსკერზე ილექება. ფაქტობრივად, ძალიან ბევრი მეთევზე, რომელსაც ჩვენ ამ კვლევის პერიოდში ვესაუბრებოდით, ასევე მკვლევარი, რომელსაც შავი ზღვის ფსკერის შესწავლა აინტერესებს, ამას ვერ ახერხებს, ძალიან უჭირთ იმიტომ, რომ შავი ზღვის ფსკერი მთლიანად პლასტიკით ნარჩენებითაა დაფარული. მიკროპლასტიკი ზღვის თევზების, თუ ძუძუმწოვრების ორგანიზმებში ხვდება. ეს დამაბინძურებელი როგორც წყლის, ისე ამ თევზების გავლით შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხვდება. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ხშირად პლასტიკი თევზების, თუ ზღვის ძუძუმწოვრების სხეულში დიდი რაოდენობით იჭედება და ამას არაერთი ზღვის ფაუნის წარმომადგენელი ეწირება”, – განაცხადა ახობაძემ.
მანვე განმარტა, რა საფრთხეებს უქმნის პლასტიკი ადამიანის ჯანმრთელობას.
“მეორე მხარეა, ე.წ. უხილავი პრობლემა, რომელიც უკვე ადამიანის ჯანმრთელობას ურტყამს. როგორც მექანიკური, ასევე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, პლასტიკი მიკროპლასტიკებად იშლება, ფაქტობრივად არ არსებობს ადამიანში ორგანო, სადაც მისი აკუმულაცია არ ხდება. პლასტიკი იწვევს როგორც ენდოკრინულ, ასევე სისხლძარღვთა დაავადებებს, არის სიმსივნური რისკებიც, რადგან ის სისხლძარღვებში ილექება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სერიოზული საფრთხეები არსებობს”, – განაცხადა ახობაძემ.
მისივე თქმით, წლიურად ერთჯერადი პლასტიკის, დაახლოებით, 600 მილიონი ერთეული მოიხმარება, რაც ტონებში რომ გადავიტანოთ ოთხიდან ექვს ტონამდეა.
“პლასტიკის ერთჯერადი მოხმარების საგნები სულ ცხრა ტიპად იყოფა. ეს საერთაშორისო დირექტივებით, განსაკუთრებით ევროკავშირის დირექტივითაა განსაზღვრული. ჩვენ ასევე გასულ წელს კვლევა დავასრულეთ, რომელიც ამ ცხრა ტიპის პლასტიკის ალტერნატივების შეფასებას უკავშირდებოდა, თუ რამდენად არსებობს ქვეყანაში ეს ალტერნატივები, მათი მოხმარება ეკონომიკურად რამდენად მისაღებია. პირველ რიგში, რაც ჩვენ დავთვალეთ, წლიურად ერთჯერადი პლასტიკის, დაახლოებით, 600 მილიონი ერთეული მოიხმარება, რაც ტონებში რომ გადავიტანოთ ოთხიდან ექვს ტონამდეა. ეს ცხრა ტიპი, რა თქმა უნდა, ნაკლებად საინტერესოა. ესაა ბოთლები, ბოთლის თავსახურები, შეფუთვის კონტეინერები, პლასტიკის წყლის ჭიქები და ა.შ. ჩვენი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის გახლდათ, რომ თითქმის ყველასი, ამ ცხრა ტიპის ალტერნატივა დღეს ქვეყანაში გამოიყენება. იგივე ტურისტულმა კომპანიებმა, ძალიან ბევრმა ცნობილმა სასტუმრომ, რომლებიც საერთაშორისო ქსელის წევრები არიან, ერთჯერადი პლასტიკის მოხმარებაზე უარი თქვეს. ქვეყანაში ამისი ალტერნატივა გაჩნდა და ის მოიხმარება. მეორე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა გახლავთ ის, რომ მოქალაქეები, რასაც ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების ნივთებში ხარჯავენ, 1%-ს არ აღემატება (უშუალოდ შეფუთვასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ). შესაბამისად, ეს ალტერნატივა, ეს რეგულაცია მათ ჯიბეზე ძალიან დიდ გავლენას არ მოახდენს. ეს უფრო უკავშირდება, შეიძლება, ვთქვათ, ერთჯერად ინვესტიციას, ამას გავლენა უფრო კერძო სექტორზე შეიძლება, ჰქონდეს. თუმცა, თუ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, ის ერთჯერადი ინვესტიციები, რომელიც მრავალჯერადი გამოყენების საგნების დანერგვას უწყობს ხელს, უფრო მომგებიანია. ჩვენი კვლევაც ადასტურებს, რომ ეს ხელს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს. ამავე კვლევის ფარგლებში ჩვენ ასევე დავდეთ გადაუდებელი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანამ იმისთვის უნდა გადადგას, რომ საერთაშორისო მიდგომებს და პროცესს დაეწიოს.
დღეს მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ პლასტიკის მართვის გარეშე ძალიან დიდი საფრთხე არსებობს როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოს დაბინძურებისთვის. პლასტიკის პრევენციის კონვენციის შემუშავებასთან დაკავშირებით პროცესი სწორედ ამიტომ დაიწყო, რომლის მხარეც გახლავთ როგორც პატარა ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ასევე ნავთობის მწარმოებელი თითქმის ყველა ქვეყანა. სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში საქართველოც კონვენციის მხარე გახდება და პლასტიკის პრევენციის ვალდებულება გვექნება. ერთჯერადი პლასტიკის სწორი მართვა და აკრძალვა ის პირველი და გადაუდებელი ნაბიჯია, რომელიც ჩვენი დასკვნებიდან გამომდინარე უკვე ძალიან დაგვიანებულია. ეს არ არის მხოლოდ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემა, არამედ, პირველ რიგში, სწორედ ადამიანის ჯანმრთელობას უკავშირდება. რეგულაციის განხორციელებაში ვფიქრობ, რომ ფართო საზოგადოების ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან ნათელია. ჩემს ირგვლივ დღეს ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ერთჯერადი პლასტიკის ნივთების მოხმარების შემცირებას არ ითვალისწინებს. როცა საზოგადოებრივი აზრის კვლევას ვაკეთებდით, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ აკრძალვის შემოღებას ძალიან პოზიტიურად უყურებდა. ვფიქრობ, ამ რეგულაციის ასამუშავებლად ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ძალიან დიდ ეკონომიკურ ზარალთან , ან ხარჯებთან დაკავშირებული ინვესტიცია არაა. ელემენტარულად წყლის გაყიდვა: უნდა იყოს არა პლასტიკის ერთჯერადი მოხმარების, არამედ მრავალჯერადი მოხმარების, რეციკლირებადი პლასტიკის ბოთლებით. დღეს ევროპის ქვეყნებში, ცივილურ სამყაროში, ყველგან სადაც პლასტიკის ბოთლით წყალი იყიდება, ეს აუცილებლად გადამუშავებადია. ალტერნატივა შეიძლება, შუშა იყოს. ან, ვთქვათ, დისპენსერები, რომელიც საჯარო დაწესებულებებში, კერძო სექტორის ოფისებში იქნება განთავსებული. ძალიან დიდი აქცენტი შესაფუთ მასალებზე კეთდება . მის ალტერნატივად ქაღალდი და მუყაოა განხილული. მაგალითად, საწრუპებზე რომ ვისაუბროთ, აქაც არის ალტერნატივები,რაც დღეს ქვეყანაში მოიპოვება. ეს ბამბუკის, ან ხის მასალისაგან დამზადებული საწრუპები გახლავთ. რაც მოვიკვლიეთ, ქვეყანაში პატარა საწარმოებიც კი არსებობს, რომლებიც ამას ამზადებენ. ვფიქრობ, რომ ეს რეგულაცია ასეთი საწარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს”- განაცხადა ახობაძემ.
ცნობისთვის, სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირება იგეგმება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რეგულაციის სამუშაო ვერსიის თანახმად, იგეგმება პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თეფშების, ჩხირების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების, მათი თავსახურების, ასევე ჭიქების და მათი თავსახურების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტის და სხვა ბაზარზე განთავსების აკრძალვა. რეგულაცია ასევე შეეხება, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მომხმარებლებისთვის მიწოდებას ახდენენ. ამასთან, სამინისტროს ცნობით, არის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე სტუმარმასპინძლობის სექტორს სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვა შეეზღუდებათ.
თამუნა შეყილაძე