“ჩვენს გზებზე უკვე საგანგაშო ვითარებაა, ამ წლის ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, დაღუპულთა ოდენობა 14%-ითაა გაზრდილი” – ეკა ლალიაშვილი
“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საქართველოს გზებზე საგანგაშო ვითარებაა. როგორც ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2025 წლის პირველი ცხრა თვის საგზაო შემთხვევების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ავარიების, დაშავებულობის, ლეტალობის მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს გზებზე უკვე საგანგაშო ვითარებაა. მიმდინარე წლის ცხრა თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე მონაცემებთან შედარებით, დაღუპულთა ოდენობა 14%-ითაა გაზრდილი. წელს საგზაო შემთხვევებში 345 ადამიანია დაღუპული. 4480 საგზაო შემთხვევა მოხდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია, დაზიანებულთა რიცხვი 6 000-ს აღემატება და წინა წლის პერიოდთან შედარებით 11-12%-ით მეტია. ეს უკვე გადაცილებულია იმ ხაზებს, რაც საგზაო უსაფრთხოებაშია. თუ ჩვენ იმ მიზანს ვემსახურებით, რაც 2030 წლისთვის გაეროს მოქმედების დეკადაა და გზებზე ფატალური შემთხვევების, დაზიანებების 50%-ით
შემცირებას გულისხმობს, ეს ნიშნავს, რომ ამ წლის ბოლომდე მძიმე მაჩვენებლების 25%-ით შემცირება უნდა გვქონდეს.
ბუნებრივია, ნულოვანი ხედვა უნდა იყოს, გზებზე არცერთი ადამიანი არ უნდა იღუპებოდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ამის გაკეთება ასე მარტივი არ არის, დაშვება არის, რომ ამ წლის ბოლომდე 25%-იანი შემცირება მოხდეს. მაგრამ ეს მაჩვენებლები არათუ მცირდება, არამედ პირიქით, გზებზე მსხვერპლი იმატებს. ფაქტობრივად, გაეროს მოქმედების დეკადას და მის დაწესებულ მიზნებს სერიოზულად ვართ აცდენილი”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება საგზაო შემთხვევების კვლავ წამყვანი მიზეზია, არასწორი მანევრირება და საპირისპირო ზოლში გადასვლა, კვლავ, დიდ გამოწვევად რჩება და ფატალური შედეგები მოაქვს.
“ბევრმა ქვეყანამ უსაფრთხო სისტემის მიდგომა გაატარა, რაც სხვადასხვა მიმართულებით
პრევენციული ზომების გატარებას გულისხმობს, ეს იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები, თუ ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებში კიდევ უფრო გაცნობიერება. ევროპულმა და აზიურმა ქვეყნებმა ამ უსაფრთხო სისტემის დანერგვით კონკრეტულ შედეგებს მიაღწიეს.
ამით იმის თქმა მსურს, რომ თუ მოქმედება იქნება, შედეგიც არის, საგზაო შემთხვევები აცილებადია. ჩვენ ვიცით, რომ შარშან ჰელსინკში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა, მის წინა წელს ოსლოში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა. ასეთი მაგალითები იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ უსაფრთხო სისტემა მუშაობს.
დღეს საქართველოში სიჩქარის გადაჭარბება კვლავ წამყვანი მიზეზია, არასწორი მანევრირება და საპირისპირო ზოლში გადასვლა კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და ფატალური შედეგები მოაქვს. ქვეყანაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს.
ტოლერანტული სიჩქარის ზღვარი 15 კმ/სთ -ია, რაც ჩამოსაწევია. ქალაქის გზებზე დაშვებული სიჩქარე დღეს 60 კმ/სთ-ია. თუ ჩვენ ამ ტოლერანტულ ზღვარსაც გავითვალისწინებთ, 75 გამოდის, რაც იმდენად მაღალია, რომ მხოლოდ ამას შეუძლია საგზაო შემთხვევების დროს მაღალი ლეტალობა მოგვიტანოს. არაერთხელ გვისაუბრია, რომ ქულათა სისტემის ადმინისტრირება კამერების მეშვეობით უნდა მოხდეს, რადგან წარმოუდგენელია, საპატრულო პოლიციის რესურსი ყველა ამ დარღვევას გასწვდეს. სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა ჩამოკლება ავტომატურ რეჟიმში უნდა მოხდეს. ასევე საჭიროა ტოლერანტული ზღვრის დაწევა, სასკოლო ზონების შექმნა. ვიცით, რომ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკა აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, თბილისი საკმარისი არ არის, ამ ტიპის პოლიტიკის გატარება სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მნიშვნელოვანია, სადაც ინფრასტრუქტურა ადამიანსა და მის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკანა ღვედები და სამგზავრო სავარძლები საკანონმდებლო ჩარჩოში იქნას ასახული. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე წელს 35 ბავშვი დაიღუპა. იყვნენ ქვეითებიც, ასევე მგზავრები რომელთა გადაყვანის წესები დაცული არ იყო, ისინი არ იყვნენ სამგზავრო სავარძლებში, ღვედები შეკრული არ ჰქონდათ.
ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ პრევენციული ღონისძიებებისა, რომელიც ახლო პერიოდში , შეიძლება, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და გააკეთოს. ამის პარალელურად ასევე მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო კამპანია, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ ის ამ პროცესის მონაწილეა და საბოლოო ჯამში კანონთან ერთად გზებზე უსაფრთხოების დაცვა მისი ქცევით ხდება”, – განაცხადა ლალიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე