გივი მიქანაძე: რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო – კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება

თუ მასწავლებელი სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამის პარალელურად რჩება დრო და რესურსი დამატებითი საქმიანობისთვის, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები უნდა გასცენ მათ სასარგებლოდ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„არის შექმნილი ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს – ასეთ შემთხვევაში თანხმობის მიღება საჭიროა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საათობრივ დატვირთვაში არ მოხდეს გადაფარვა მასწავლებლის ძირითადსა და დამატებით საქმიანობებს შორის. თუ ეს გადაფარვა არ ხდება, რა თქმა უნდა, დირექტორები გასცემენ შესაბამის ნებართვას.

ჩვენი მიდგომა არის ასეთი – თუ მასწავლებელი სრულფასოვნად ასრულებს თავის ძირითად საქმიანობას და ამის პარალელურად რჩება დრო და რესურსი დამატებითი საქმიანობისთვის, შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებმა ნებართვები უნდა გასცენ მათ სასარგებლოდ და ეს არანაირ შეფერხებას და დაბრკოლებას არ გამოიწვევს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, „რეპეტიტორობა“ არის ადამიანებს შორის ინდივიდუალური და არამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე შემდგარი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ისინი თანხმდებიან სამუშაოს მიღმა გარკვეული აქტივობის ჩატარებაზე, შესაბამისად, სამართლებრივი სივრცე მას ვერ არეგულირებს.

„შეთავსებით დასაქმებასთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისები დიდწილად ეხება საგანმანათლებლო სივრცეს. ამის მიუხედავად, კონკრეტული რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება მიზანმიმართულად შეიყვანონ შეცდომაში და ამისთვის იყენებენ „რეპეტიტორობის“ ინსტიტუტს, რომელიც სამართლებრივად რეგულირებადი არ არის და ვერ გახდება რაიმე ნებართვის გაცემის საფუძველი.

სპეკულაციური ხასიათი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ოპონენტი რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები