ირაკლი ჭეიშვილი: დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა შეხვედრა PACE-ს დელეგაციას, სადაც შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ბოლომდე იქნება მიყვანილი
დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ჰქონდა შეხვედრა PACE-ს დელეგაციას, სადაც შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩვენი ურყევი პოზიცია და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები აბსოლუტურად ბოლომდე იქნება მიყვანილი, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით PACE-ს პოზიცია ცნობილია.
„რაც შეეხება PACE-ს დელეგაციის ვიზიტს, მათი რიტორიკა ვიცით გასული არჩევნებიდან მოყოლებული. საუბრობდნენ იმას, რომ თურმე გაყალბდა გასულ წელს არჩევნები და ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს. ეს იყო ზუსტად იმ რეზოლუციაში ასახული, რომელიც რამდენიმე თვის წინ მიიღო PACE-მ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შეგვეჩერებინა საპარლამენტო გუნდს მუშაობა PACE-ში. წლევანდელმა თვითმმართველობის არჩევნებმა ზუსტად ცხადყო ის, რომ გასული წლის არჩევნები არ გაყალბებულა იმიტომ, რომ ზუსტად იგივე რაოდენობის ხმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, რაც მიიღო გასულ წელს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.