არჩილ თალაკვაძე – ხაბეიშვილის განცხადებაზე: თუ ამ სატყუარას ოპოზიცია წამოეგება, “ნაცმოძრაობასთან” ერთად, შემდეგ არჩევნებში ისინიც დარჩებიან გარეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს ოპოზიციაზე შანტაჟს და პარტიების ნაწილი ამ შანტაჟს ექვემდებარება.
“რისი გასაღებიც აქვს “ნაციონალურ მოძრაობას”, ის საკეტი უკვე დიდი ხანია, გამოვცვალეთ. სწორედ ამიტომ, წლებია, უშედეგოდ ცდილობენ ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას. თუ ამ სატყუარას ოპოზიცია წამოეგება, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად შემდეგ არჩევნებში ისინიც დარჩებიან გარეთ. ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აგრძელებს მათზე შანტაჟს და პარტიების ნაწილი ამ შანტაჟს ექვემდებარება,” – აცხადებს თალაკვაძე.
ინფორმაციისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს.