ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის განაჩენი ძალაში დატოვა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ამაღლობელისთვის შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრით მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და გათავისუფლება მოითხოვეს, პროკურატურა კი მზია ამაღლობელისათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა თავად მზია ამაღლობელიც.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.