ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინტერნეტსერვისების მიმწოდებელი კომპანია Cloudflare-ის ტექნიკური შეფერხების გამო, შეფერხდა რიგი წამყვანი ვებპლატფორმები, მათ შორის OpenAI, X, და სხვა პოპულარული საიტები.
„Cloudflare-მა იცის და იძიებს პრობლემას, რომელიც პოტენციურად გავლენას ახდენს რამდენიმე მომხმარებელზე. დამატებითი დეტალები მოწოდებული იქნება, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა კომპანიამ.
Cloudflare-ი არის ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტსაიტებისა და ონლაინ სერვისების დაცვას, მუშაობის სისწრაფესა და სტაბილურობას.
Cloudflare-მა განაცხადა, რომ სერვისები აღდგენას იწყებს, თუმცა “მომხმარებლებმა შესაძლოა კვლავ დააფიქსირონ ჩვეულებრივზე მაღალი შეცდომების მაჩვენებლები”.
მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური გუნდი აქტიურად მუშაობს პრობლემის სწრაფად გამოსწორებასა და სერვისების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ბევრმა ქართულმა კომპანიამ, საინფორმაციო პორტალმა, ონლაინ მაღაზიამ და სახელმწიფო უწყებამ Cloudflare-ის უსაფრთხოების და CDN (კონტენტის მიწოდების ქსელის) სერვისები დანერგა. როგორც ზოგადად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც, ვებ-პროექტების ტექნიკური მხარდაჭერისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ სერვისად Cloudflare-ი ითვლება.