“საქართველო რეგიონში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა”- გიორგი ცუცქირიძე

“საქართველო რეგიონში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა”- ამის შესახებ ეკონომისტმა,  გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა.

“ცალკეულ საექსპერტო შეფასებებში ეკონომიკური ზრდის შენელება წინა წლებთან შედარებით, ვგულისხმობ 2021-2024 წლების პერიოდს, ვფიქრობ ზედმეტად პოლიტიზირებულია.
როგორც წესი,  ეკონომიკური ტენდენციების საერთო სურათის შესაფასებლად იყენებენ ქვეყნის ბოლო 8 კვარტლის (2 წელი) მაჩვენებელების შედარებით ანალიზს.  კვარტალური მშპ-ს განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან ის  ეკონომიკის მდგომარეობისა და მისი შესაძლო მიმართულების უფრო მკაფიო  სურათს იძლევა. რადგან წლიურ მშპ-ს შეუძლია,  აღმავლობა და ვარდნა გადაფაროს.
კერძოდ,  აჩვენებს მოკლევადიან ეკონომიკურ ტენდენციებს, გაიზრდება თუ შენელდება ეკონომიკა, განვითარდება რეცესიები თუ მოხდება ვარდნის აღდგენა. ამასთან, მთავრობას და ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

შემთხვევითი არ არის, რომ ცენტრალური ბანკები და მთავრობები სწორედ ბოლო კვარტალურ მშპ-ს იყენებენ ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორებიცაა:  საპროცენტო განაკვეთის ცვლილებები; ფისკალური პოლიტიკა (ხარჯები, გადასახადები, სტიმულირება),  თუ  ინფლაციის კონტროლის ზომები; პოლიტიკის დადგენისას დროული მონაცემები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებლები.

თავის მხრივ, მოკლევადიანი ტენდენციების ანალიზი ხელს უწყობს ბიზნესდაგეგმვას, რადგან კომპანიები ასევე იყენებენ მშპ-ს ბოლოდროინდელ ტენდენციებს, როგორც მოთხოვნის პროგნოზირებისთვის, ასევე წარმოების კორექტირებისთვის, თუ  დასაქმებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების სამართავად.

კვარტალური მშპ-ს ზრდა სტანდარტულ საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლადაც ითვლება, რადგან   ადრეულ გამაფრთხილებელ სიგნალებს იძლევა და ამ ნიშნების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას უწყობს ხელს.

რამდენიმე კვარტლის განმავლობაში თანმიმდევრული კლება შეიძლება, მიუთითებდეს: რეცესიაზე, მომხმარებელთა ხარჯების შემცირებაზე,  ინვესტიციების შენელებასა თუ გარე შოკების ზეგავლენაზე.
უნდა აღინიშნოს,რომ კვარტალური შეფასებები აფიქსირებს შოკების ან პოლიტიკის ეფექტებს. პანდემიები, ომები, საპროცენტო განაკვეთების ცვლილებები, ენერგიის ფასების მკვეთრი ზრდა სწრაფად მოქმედებს მშპ-ზე,  თუ რამდენად დიდია გავლენა და აღდგება თუ არა ეკონომიკა მოკლე, ან საშუალოვადიან პერიოდში.

ვნახოთ, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოს მშპ ბოლო 8 კვარტლისთვის. 2024 წლის I კვარტალი: 8.7 %, II კვარტალი: 9.7%, IIIკვარტალი: 11.0 %, IVკვარტალი: 8.3 %.
2025 წლის I კვარტალი: 9.8%, II კვარტალი: 7.3%, III კვარტალი: 6.5%, IV კვარტალი: 6.2 %(საპროგნოზო)

რას ნიშნავს ეს რიცხვები?
საქართველომ 2024 წელს ძალიან ძლიერი ზრდა განიცადა, რადგან მშპ-ს ზრდა ოთხივე კვარტალში 8–11%-ია, რაც საერთაშორისო სტანდარტებითაც კი უკიდურესად მაღალია.

წმინდა კვარტალურ ჭრილში 2024 წლის მესამე კვარტალი (11%) პიკია, რაც ტურისტული სეზონის და ძლიერი სავაჭრო ნაკადების შედეგია, თუმცა მეოთხე კვარტალი(8.3 %) უკვე მიანიშნებს მცირე შენელებაზე, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში ზრდა კვლავ მაღალი იყო(9.8 %).

რაც შეეხება 2025 წელს:  ზრდა მაღალი დარჩა, მაგრამ 2025 წელს წინა წელთან შედარებით შენელება დაიწყო.
2025 წლის პირველი კვარტალი: 9.8% – კვლავ ძლიერი ზრდა ,
2025 წლის მეორე კვარტალი: 7.3% – შენელება
2025 წლის მესამე კვარტალი: 6.5% – შემდგომი შენელება

2025 წლის მეოთხე კვარტალში, სავარაუდოდ, 6.2 -6.5 % იქნება, რაც ნიშნავს არა კრიზისულ ფაზაში ან სტაგნაციაში გადასვლას, არამედ ზრდის ნორმალიზებას უფრო მდგრადი დონისკენ განსაკუთრებით ძლიერი ბუმის (2023–2024 წლების) შემდეგ.

ბუნებრივია, ეს  შენელება შეიძლება, დავუკავშიროთ ზოგიერთი მამოძრავებელი ფაქტორის შესაძლო შესუსტებასაც (ტურიზმის ნორმალიზაცია, დაკრედიტების შენელებული ზრდა, გარე შემოდინებების შემცირება).

რეალურად, ეკონომიკა კვლავ სწრაფად იზრდება, მაგრამ ზრდის იმპულსი სუსტდება, რადგან კოვიდპანდემიური შოკის (როდესაც ეკონომიკა 2020 წელს მე-2 კვარტალში 14 %-ით შემცირდა) შემდეგ, აღდგენის ფაზა მთავრდება,რაც გამოიხატება ვიზიტორების ნაკადების სტაბილიზირებაში. გეოპოლიტიკური გარემო გავლენას ახდენს საერთაშორისო მოგზაურობის ნაკადებზე, ხოლო ტურიზმის (რაც ეკონომიკის 20-25 %-ს შეადგენს თავისი მკვებავი დარგებით) მცირე შენელებას დიდი გავლენა აქვს მშპ-ზე. ეს კარგია თუ ცუდი? ფაქტია, რომ  საქართველო კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა რეგიონში, ყველა კვარტალი დადებითია, რაც ნიშნავს, რომ რეცესია არ არსებობს.
ზოგადად 5%-ზე მეტი ზრდა, როგორც წესი, ძლიერად ითვლება.”- განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს გრძელვადიანი მდგრადი ზრდა პოტენციალითაც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უახლოესი პროგნოზებითაც 2026-2030 წლებში 5–6%-ია, რაც  ნორმალურიც და მოსალოდნელიცაა.

“2025 წლისთვის ზრდა, სავარაუდოდ, შემცირდება, რადგან 2023–2024 წლების ბუმი უჩვეულოდ მაღალი იყო და  საბაზო ეფექტი ჰქონდა. საქართველომ განსაკუთრებით მაღალი ზრდა განიცადა შემდეგი მიზეზების გამო:
რუსული შემოდინების ზრდა (მიგრაცია + კაპიტალი),
COVID-ის შემდეგ ტურიზმის ძლიერი აღდგენა; მაღალი გარე მოთხოვნა;

როდესაც ზრდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან მაღალია, შემდეგი წელი ბუნებრივად უფრო ნელი ჩანს, რადგან ელემენტარულად შედარების ბაზა უფრო მაღალია, რასაც  საბაზო ეფექტი ეწოდება და ის თითქმის ყოველთვის ამცირებს ზრდის ტემპს.

საქართველოს გრძელვადიანი მდგრადი ზრდა პოტენციალითაც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უახლოესი პროგნოზებითაც 2026-2030 წლებში 5–6%-ია, რაც არის ნორმალური და მოსალოდნელიც.  სავალუტო ფონდის შეფასებით,
2024 – 2030 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 52,5%-ით იზრდება, რაც მთელს ევრაზიის კონტინენტზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პოლიტიკური პროცესების ზეგავლენა იქნებოდა მაღალი თუ ქვეყანა შევიდოდა ღრმა პოლიტიკურ კრიზისსა  და დესტაბილიზაციურ, მაღალი გაურკვევლობის სპირალში თავისი ყველა ნეგატიური ეფექტით, იქნება ეს მაღალი ინფლაცია თუ სავალუტო კურსი.

უნდა გვახსოვდეს, სწრაფი ზრდა კარგია, თუმცა ორნიშნა ზრდის შენარჩუნება განუსაზღვრელი ვადით შეუძლებელია “გადახურების” რისკების გარეშე, რამაც ეკონომიკა, შეიძლება,  ხანგრძლივ სტაგნაციაში შეიყვანოს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები