საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი მიიღო
საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი მიიღო.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა. მან დეპუტატებს დღის წესრიგი გააცნო და სხდომა სამუშაო რეჟიმში გააგრძელეს.
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, იოსებ ჩარკვიანმა, საკრებულოს წარუდგინა 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. პირველადი მონაცემებით, ბიუჯეტი 52 მილიონ ლარს შეადგენს. წარმოდგენილი იქნა ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის 2025 წლის მესამე კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი სვანიძის თქმით: „უახლოეს დღეებში დავიწყებთ ბიუჯეტის განხილვას კომისიებსა და ფრაქციებში. ჩვენი მთავარი მიზანია, ბიუჯეტი იყოს რეალისტური, შედეგზე ორიენტირებული და მაქსიმალურად მოერგოს მუნიციპალიტეტის საჭიროებებს.“
სხდომაზე მიიღეს ცვლილებები მერიის დებულებაში, რომელიც არეგულირებს ს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს. ცვლილების თანახმად, მერია უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიიღოს მონაცემები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. საკითხი მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა, ნანა არველაძემ წარადგინა.
ასევე დაამტკიცეს ცვლილება საკრებულოს რეგლამენტში, რომელიც ეხება ფრაქციების ფორმირების წესს. ცვლილების თანახმად, 2029 წლის არჩევნებში არჩეულ წევრებს ფრაქციის შექმნის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარდგენილნი იქნებიან ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ან შემდგომ გაწევრიანდებიან სხვა პარტიაში შესაბამისი წევრობის დატოვების შემდეგ. მომხსენებელმა ლადო გოგოლაძემ, საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა, დეტალურად განმარტა ცვლილების წესი”,- წერია ინფორმაციაში.