ერდოღანი: საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საქართველოში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები ნათელი გახდება ყველა შეგროვებული მონაცემებისა და შავი ყუთის შესწავლის შედეგად.
როგორც მან ქვეყნის მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნა, თურქეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას საზოგადოებას გაუზიარებს.
„კატასტროფების გამომძიებელი ჯგუფის მიერ შეგროვებული მონაცემების, ასევე შავი ყუთის შესწავლის შედეგად ჩვენ შევძლებთ, უფრო ნათლად გავიგოთ ამ ტრაგიკული ინციდენტის დეტალები, რომელსაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ ღიად გავუზიარებთ ამ ინფორმაციას საზოგადოებას, განსაკუთრებით, დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, ავიაკატასტროფის შემდეგ, ცხედრებისა და თვითმფრინავის შავი ყუთის მოძებნა ოპერატიულად მოხდა. მან მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარ ქვეყანას, რომელმაც თურქეთის ტკივილი გაიზიარა.
„ჩვენ მივიღეთ სამძიმრისა და სოლიდარობის შეტყობინებები მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ჩვენი მოძმე ქვეყნებიდან. კერძოდ, საქართველომ და აზერბაიჯანმა კატასტროფისთანავე მოახდინეს ყველა რესურსის მობილიზება, სრულად ითანამშრომლეს სამძებრო-სამაშველო ჯგუფების განთავსებაში, ნამტვრევების შეგროვებასა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით რეისს ასრულებდა.
შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.