Fox News: „ოქროს ტუალეტის“ სკანდალი – ზელენსკი ყველაზე ღრმა კრიზისის წინაშე დგას, რადგან მოკავშირეები 100 მილიონი დოლარის სამხედრო თაღლითობაში ადანაშაულებენ
უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი პრეზიდენტობის ყველაზე ღრმა კრიზისის წინაშეა მას შემდეგ, რაც ფულის გათეთრების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ მისი უახლოესი გარემოცვის წევრები, მათ შორის, მისი თანამოაზრე, „ოქროს ტუალეტის“ მსგავს ფუფუნებაში ცხოვრებაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ Fox News-ი მთავრობის ყოფილ მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, კომენტარები გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი კრიტიკის ქვეშ იმყოფება გამოძიების ფარგლებში, რომელმაც, როგორც სააგენტოებმა ორშაბათს განაცხადეს, გამოავლინა სავარაუდოდ უკრაინის ენერგეტიკული სექტორიდან დაახლოებით 100 მილიონი დოლარის გაფლანგვის სქემაში მონაწილე პირები, რუსეთთან მიმდინარე ომის პერიოდში.
„უკრაინელებს ახლა ბრძოლის არანაირი მოტივაცია არ აქვთ ადამიანის უფლებების უზარმაზარი დარღვევების და ასევე ამ გამოვლენილი კორუფციის გამო“, – განუცხადა ყოფილმა ჩინოვნიკმა Fox News Digital-ს ანონიმურობის დაცვის პირობით.
2022 წელს რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის ფინანსური სისტემა შემოწმების ქვეშ მოექცა და ახლა ზოგიერთ უკრაინელს ბრალად ედება ომის დროს ენერგოსადგურების დასაცავად განკუთვნილი პროექტებიდან თანხების აღება, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია და მთავრობის მიმართ ნდობა შეარყია.
„ქვეყნის შიგნით ხალხი უკვე ხედავს ამ კორუფციას და ეს კორუფციული ჭაობის მხოლოდ ნაწილია. ზელენსკი პრობლემის ნაწილია. როგორც ჩანს, ეს ფულის გათეთრება 2022 წლიდან მიმდინარეობდა და ბევრი ადამიანი ცდილობდა ამის შეჩერებას“, – თქვა ყოფილმა ჩინოვნიკმა Fox News-თან და აღნიშნა ისიც, რომ „ზოგი ამბობს, რომ ზელენსკიმ იცოდა ამ სქემების შესახებ და რომ მან დაამტკიცა ისინი.“
ყოფილ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გამოცემა ასევე წერს, რომ არსებობდა იმის ეჭვიც, რომ ფული საზღვარგარეთის ანგარიშებზე აღმოჩნდა, რითაც ზელენსკიმ და მისმა ახლო გარემოცვამ ისარგებლა.
15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა გამოძიებამ, სახელწოდებით „ოპერაცია მიდასი“, აღნიშნული სქემები გამოავლინა.
„ენერგოატომის“ ერთ-ერთ მსხვილ გამოძიებაში, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ატომურ ენერგეტიკულ კომპანიასა და მის ენერგოკონტრაქტებს ეხებოდა, ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი დასახელდა.
მინდიჩი პრეზიდენტთან ერთად გასართობი კომპანიის „კვარტალ 95“-ის თანამფლობელი იყო და, „The Kyiv Independent“-ის ცნობით, მინდიჩი, სავარაუდოდ, ამ ქსელის ლიდერი იყო.
„Financial Times“-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამომძიებლებმა მისი ბინის ერთ-ერთ აბაზანაში ნაღდი ფულით სავსე ტომრები და მოოქროვილი უნიტაზი აღმოაჩინეს.
„ტიმურს [მინდიჩი] ოქროსფერი ტუალეტებით ბინა ჰქონდა, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობდა, სადაც ზელენსკის სახლი და 2021 წელს ზელენსკიმ დაბადების დღე სწორედ ტიმურის ბინაში აღნიშნა“, – განაცხადეს ყოფილმა ჩინოვნიკებმა Fox News-თან.
კიდევ ერთი გამოძიების ქვეშ მყოფი პირი, ალექსეი ჩერნიშოვი, ყოფილი ვიცე-პრემიერია.
„ის ასევე ძალიან ახლოს იყო [ზელენსკის] ოჯახთან და 2019 წლიდან ზელენსკის მთავრობაში თანამდებობებს იკავებდა და მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ“, – ციტირებს Fox News ყოფილ თანამდებობის პირს.
10 ნოემბერს, საღამოს მიმართვაში, ზელენსკიმ განაცხადა: „ყველამ, ვინც კორუფციული სქემა შექმნა, უნდა მიიღოს მკაფიო სამართლებრივი პასუხი. უნდა იყოს სისხლის სამართლის განაჩენი“. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე შეაქო ანტიკორუფციული ბიუროს ძალისხმევა და თქვა: „კორუფციის წინააღმდეგ ნებისმიერი ეფექტური ქმედება აუცილებელია. საჭიროა დასჯის გარდაუვალობა.“
„ზელენსკი იყენებს თავის არაჩვეულებრივ PR ნიჭს და ამ გამოძიების ფარგლებში თანამდებობას არ დატოვებს“, – განაცხადა ყოფილმა ოფიციალურმა პირმა. „ზელენსკი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სირცხვილს გრძნობს, მაშინაც კი, თუ კორუფციის გამოძიება მიმდინარეობს… ზელენსკიმ ამ ომიდან ყველაფერი მიიღო. მას ჰქონდა ძალაუფლების ვერტიკალი, ურყევი იმიჯი, მედიის მთელი ყურადღება. ზოგიერთის თქმით, ის ამ ყველაფერზე და ფულზე, ნამდვილად ძლიერად არის დამოკიდებული“ – განაცხადეს Fox News-თან უკრაინის ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენლებმა.