ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7,5 პროცენტით გაიზრდება
„ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7,5 პროცენტით გაიზრდება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ის კონკურენტული უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს შუა დერეფნის განვითარების კუთხით. ვახტანგ ცინცაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალ კაპიტალურ ხარჯებზე, რომელთაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული იქნება.
მინისტრის მოადგილემ ასეთ პროექტებს შორის დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა.
„ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონეს აამაღლებს”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის ანგარიშში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი” 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდეა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი ევროკომისიის მიერვე გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.