“ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სტრუქტურის ტრანსფორმაციისკენაა მიმართული, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მომავალი წლების განმავლობაში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განუცხადა.
როგორც მან განმარტა, სულ ახლახან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე.
“ასევე, ევროკომისია თავის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იქნება საკმაოდ ჯანსაღი და ძლიერი, ეკონომიკა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული. მაგალითად, 2025 წლისთვის მნიშვნელოვანი სექტორები, რომლებსაც ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეაქვს, არის ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების. ამ სექტორების ზრდა საკმაოდ მაღალია და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკა მომდევნო პერიოდშიც შეინარჩუნებს ამ კონკურენტულ უპირატესობას, რაც საქართველოს მისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე გააჩნია, ვსაუბრობ მათ შორის შუა დერეფნის ნაწილზე და ტრანსპორტის სექტორის შემდგომ ზრდაზე“, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.