საპატრიარქოს ათონის მთის დიდი ლავრის წინამძღვარი ესტუმრა
“დღეს, 18 ნოემბერს (2025), საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრა ათონის მთის დიდი ლავრის წინამძღვარი, კათიღუმენი პროდრომი (ლავრიოტისი), ასევე, ათანასე მთაწმინდელის მონასტრის ბერები – მონაზონი აგათონი (ლავრიოტისი) და წმინდა ანას სკიტის, წმინდა ელეფთერის კელიის მღვდელმონოზონი ხრისტოდულე (კაპეტასი)”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, ისინი საქართველოში მომლოცველობითი მისიით იმყოფებიან.
“სტუმრებს შეხვდნენ:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე);
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე);
საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირები.
შეხვედრა წარიმართა ქრისტესმიერი ძმური სიყვარულის ატმოსფეროში.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ დედით ქართველი ათანასე ათონელის ლოცვა-კურთხევით ქართველმა ათონელმა მამებმა, დააარსეს ივერთა მონასტერი (Ιερά Μονή των Ιβήρων), Xს-ში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რჩება ორ ეკლესიათა შორის დიდი და ძმური ისტორიული კავშირის ნიშანსვეტად; ითქვა ისიც, ჩვენს დროში მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა ათონის მთასთან ურთიერთობებს, რომელიც ყოველწლიურად ღრმავდება.
შევნიშნავთ, რომ სტუმრები საქართველოში 22 ნოემბრამდე დარჩებიან და მოილოცავენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეპარქიებში არსებულ სიწმინდეებს, ცნობილ ტაძრებსა და მონასტრებს;
პარასკევს, მთავანგელოზობას კი საზეიმო წირვას აღასრულებენ დარიალის მთავარანგელოზთა ტაძარში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.