თინა ხიდაშელი: ბოლო ხანებში მუდმივად მხსნელის ძებნა და ლოდინი დაგვჩემდა, რაც არ მგონია, ჯანსაღი პროცესი იყოს
“ბოლო ხანებში მუდმივად მხსნელის ძებნა და ლოდინი დაგვჩემდა, რაც არ მგონია, ჯანსაღი პროცესი იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი იმ უბედურების, რაც გვჭირს – ის მხსნელი ჯერ მხსნელია და მერე გაგვიგიჟდება და ტირანად იქცევა. იქნებ დროა, საზოგადოებამ ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება იმ რეალობაში, რომელშიც არის”, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრიც ისეთია, რისი შესაძლებლობაც არსებობს იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ქვეყანაა.
“საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან, ევროპარლამენტისა და ევროკომისიისგან განსაკუთრებულს არც არაფერს ველოდი. ისინი გვიყურებენ ისე, როგორც ველურობის ზღვარზე მისულ ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც არაცივილიზებული გზით იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ხელისუფლების შეცდომებსა თუ მიზანმიმართულ მავნებლურ მოქმედებებთან ერთად, ძალიან მაშფოთებს ისტერიკული შეტევა ოპოზიციაზე. ოპოზიციაშიც არასწორი მოლოდინი აქვთ. იმ პერიოდს მაგონებს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რომ დაიწყო ისტერიკა, ვიღაცები აცხადებდნენ, შედეგები გაყალბდაო, და თან რაღაც ნაწილში ეთანხმებოდნენ. ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამიტომ სულაც არა მგონია, რომ რაღაც აპოკალიფსური ხდება. თუ ვამბობთ, ავტორიტარული ქვეყანა ვართო, ასეთ ქვეყნებში ძლიერი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ. ამიტომ ჩვენი ოპოზიციური სპექტრიც ისეთია, რისი შესაძლებლობაც არსებობს იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ. ძლიერ ოპოზიციას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის ფინანსები, და როდესაც ბიზნესი ნაწილობრივ მაინც ტერორიზებულია, ისევე როგორც საზოგადოება, ეს შეუძლებელია.
არც ინდივიდუალურ გმირობებს უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ იაქტიურებს, ხელისუფლებას მაინცდამაინც დიდი რეაქცია არა აქვს, მაგრამ მოსახლეობის ის კრიტიკული მასა, რომელიც ვითარებას მეტ-ნაკლებად ცვლის, მაინც არ უნდა შეჩერდეს, თორემ სულ ამ მდგომარეობაში ვიქნებით. არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ქმედებების გამო ქვეყანა იღუპება, მაგრამ თითქოს პრიორიტეტები აგვერია, ოპოზიციას უფრო აკრიტიკებენ, ვიდრე ხელისუფლებას. ის, რაც “ნაცმოძრაობაში” ხდება, არ არის ცუდი პროცესი, პირიქით. ამ პარტიის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს დუღილი ქვეყანას აზიანებს. თუ პარტიაში წინააღმდეგობებია, უნდა დასძლიონ. ახლა ამისთვის კარგი დროა, რადგან არჩევნებამდე თითქმის ორი წელია დარჩენილი და ჯობია ახლა იყოს არეულობა, ვიდრე მერე, მიწურულს.
ბოლო ხანებში მუდმივად მხსნელის ძებნა და ლოდინი დაგვჩემდა, რაც არა მგონია, ჯანსაღი პროცესი იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი იმ უბედურების, რაც გვჭირს – ის მხსნელი ჯერ მხსნელია და მერე გაგვიგიჟდება და ტირანად იქცევა. იქნებ დროა, საზოგადოებამ ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება იმ რეალობაში, რომელშიც არის, და იმ ფანტაზიით არ იცხოვროს, ერთ დღესაც ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოაბიჯებსო. ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება დაგვჩემდა და ეს როგორმე უნდა შევცვალოთ… ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზაფხული, რადგან ევროკომისია ანგარიშს სწორედ მაშინ გამოაქვეყნებს, მასში გაცემული რეკომენდაცია და ჩანაწერი კი შესაძლოა ხელისუფლებას ძვირად დაუჯდეს. იმედი არ მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, რადგან ფუნდამენტურ ცვლილებებზეა საუბარი, ამ ხელისუფლებამ კი, სხვა პუნქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, სახალხო დამცველი ვერ აირჩია და ანტიკორუფციული სამსახური ვერ შექმნა.
გაზაფხულის შემდეგ ერთი პატარა, ბოლო შანსი გვრჩება შემოდგომაზე. უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, ერთი ნაბიჯით ჩვენზე წინ არიან, რაც ჯერ ტრაგედიად არ ითვლება. თუ გაზაფხულზე კარგი შედეგები გვექნება, იოლად დავეწევით, მაგრამ თუ სტატუსი ვერც ამ დროისთვის მივიღეთ, უკრაინა და მოლდოვა კი უკვე გაწევრების ეტაპზე გადავლენ, უკვე ორი ნაბიჯით დაგვშორდებიან. ჯერ კიდევ ლაპარაკია ტრიოზე, რომელშიც ჩვენც ვიგულისხმებით, მაგრამ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეს თემაც დაიხურება და არავინ იცის, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობის ფანჯარა კიდევ როდის გაიხსნება”, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.